1. ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებამდე საქართველოს ეროვნული ბანკისგან მოიპოვოს თანხმობა. აღნიშნული თანხმობის მიღების მიზნით ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ თანხმობის გაცემის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

2. ემიტენტი ვალდებულია პროგრამის კრედიტორებს მიაწოდოს ინფორმაცია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ პროგრამის კრედიტორთა მიერ აღნიშნული პროგრამის პროფილისა და რისკების სათანადოდ შეფასებისთვის აუცილებელ ყველა დეტალს. აღნიშნული ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეწოდოს არანაკლებ კვარტალში ერთხელ. იგი უნდა შეიცავდეს აღნიშნული პროგრამის შესახებ სულ მცირე შემდეგ მონაცემებს:

ა) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისა და იპოთეკური ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებებს;

ბ) იპოთეკური ობლიგაციებისთვის მინიჭებულ საიდენტიფიკაციო ნომერს (ნომრებს) (ასეთი ნომრის (ნომრების) არსებობის შემთხვევაში);

გ) უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი კატეგორიების მიხედვით განაწილებას;

დ) საბაზრო რისკების (მათ შორის, საპროცენტო რისკისა და სავალუტო რისკის), საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების შესახებ ინფორმაციას;

ე) უზრუნველყოფის აქტივებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის აღწერილობას (სტრუქტურას);

ვ) პროგრამის ვალდებულებათა როგორც ფაქტობრივი უზრუნველყოფის მაჩვენებლების, ისე ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უზრუნველყოფის მაჩვენებლებისა და უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის შესახებ ინფორმაციას;

ზ) რეგისტრირებული დერივატივის (ასეთი დერივატივის არსებობის შემთხვევაში) კონტრაჰენტისა და არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციას;

თ) იმ იპოთეკური სესხების ხვედრით წილს, რომლებთან დაკავშირებითაც დადგა დეფოლტი.

3. თუ ემიტენტი რეფინანსირების ბანკია, პროგრამის კრედიტორებს მიეწოდებათ აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია რეფინანსირების ინსტრუმენტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების შესახებ.

4. ემიტენტის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროგრამის კრედიტორთათვის მიწოდების ან/და გამოქვეყნების დამატებითი წესი დგინდება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.

თავი V

პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება; უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი და ზედამხედველო