1. ფორმა F2-1 „საინფორმაციო ცხრილი ექვაირერის შესახებ“ შედგება ორი ქვეფორმისგან: ფორმა F2-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ექვაირერის შესახებ“ და ფორმა F2-1.2 „ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისა და საბარათე მოწყობილობების შესახებ“.
2. ფორმის F2-1.1 „ზოგადი ინფორმაცია ექვაირერის შესახებ“ ველები ივსება შემდეგნაირად:
ა) მერჩანტ-ექვაირინგის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმის მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს საბარათე სქემის მიერ მინიჭებული უფლება სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განლაგებული გადახდის პოს-ტერმინალებით საბარათე ოპერაციების მომსახურებაზე;
ბ) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, აქვს თუ არა პროვაიდერს საბარათე სქემის მიერ მინიჭებული უფლება ელექტრონული კომერციის ოპერაციების მომსახურებაზე;
გ) ექვაირერის 3D უსაფრთხოების ტექნოლოგია – თითოეული სქემის შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა ექვაირერი ელექტრონული კომერციის უსაფრთხო გადახდების განსახორციელებლად საჭირო დაცვის 3D ტექნოლოგიას;
დ) ჩიპიანი ბარათების მომსახურების ლიცენზია/უფლება – თითოეული სქემის შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა ექვაირერი ამ სქემის ლიცენზიას თავისი პოს-ტერმინალებით ჩიპიანი ბარათებით შესრულებული ოპერაციების მომსახურებაზე;
ე) მომსახურე საპროცესინგო ცენტრის დასახელება – მიეთითება ადგილობრივი ან უცხოური საპროცესინგო ცენტრის დასახელება, რომელიც ემსახურება ექვაირერს;
ვ) საბარათე სისტემის იმ ძირითადი მონაწილე პროვაიდერის დასახელება, რომელიც უზრუნველყოფს არაძირითადი მონაწილე პროვაიდერის ჩართვას შესაბამის საბარათე სისტემაში – ივსება მხოლოდ არაძირითადი (ასოცირებული) მონაწილე პროვაიდერის მიერ, რომელიც მიუთითებს იმ ძირითადი მონაწილის დასახელებას, რომელიც უზრუნველყოფს მის ჩართვას შესაბამის სისტემაში;
ზ) პროვაიდერის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში პოს-ტერმინალებით ნაღდი ფულის გაცემის ლიცენზია/უფლება – საბარათე სქემის დასახელების შესაბამის ველში მიეთითება „დიახ“ ან „არა“ იმისდა მიხედვით, ფლობს თუ არა პროვაიდერი საბარათე სქემისაგან ლიცენზიას/უფლებას თავისი ფილიალების და სერვის-ცენტრების პოს-ტერმინალების საშუალებით ნაღდი ფულით გაცემის ოპერაციებზე თითოეული სქემის მიხედვით;
თ) საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებთან (PCI DSS) შესაბამისობაზე ჩატარებული აუდიტორული შემოწმება – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომელმაც PCI DSS სტანდარტებთან შესაბამისობაზე ჩაატარა ბოლო აუდიტორული შემოწმება. ასევე მიეთითება შეფასების პერიოდი.
3. ფორმის F2-1.2. „ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტებისა და საბარათე მოწყობილობების შესახებ“ ველები ივსება შემდეგნაირად:
ა) სავაჭრო-მომსახურების ობიექტების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას იმ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების რაოდენობის შესახებ (ელექტრონული კომერციის ობიექტების ჩათვლით), რომლებიც ექვაირერთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება საბარათე გადახდებს პოს-ტერმინალის საშუალებით. ობიექტები დაყოფილია მფლობელი ფიზიკური პირის, იურიდიული პირის და ნებისმიერ სხვა სუბიექტის მიხედვით;
ბ) საბარათე მოწყობილობების რაოდენობა – მოიცავს ინფორმაციას პროვაიდერის მომსახურებაში არსებული საბარათე მოწყობილობების: ბანკომატების, პროვაიდერის პოს-ტერმინალების, გადახდის პოს-ტერმინალების, ელექტრონული კომერციის პოს-ტემინალების, მობილური პოს-ტერმინალების, იმპრინტერების და სხვა მოწყობილობების შესახებ. ახალი ტიპის მოწყობილობის დამატების შემთხვევაში, პროვაიდერს შეუძლია იგი შეიტანოს სვეტის ბოლოს დატოვებულ თავისუფალ ველში „სხვა (მიუთითეთ დასახელება)“;
გ) მოწყობილობების მომწოდებელი კომპანია – მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომლისგანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ექვაირერმა შეიძინა საბარათე მოწყობილობები (ბანკომატი, პოს-ტერმინალი, მობილური პოს-ტერმინალი). თუ სხვადასხვა მოწყობილობა შეძენილი იყო სხვადასხვა მიმწოდებლისაგან, მაშინ მიეთითება თითოეული მათგანის დასახელება;
დ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელი კომპანია - მიეთითება იმ კომპანიის დასახელება, რომლისგანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ექვაირერმა შეიძინა საბარათე მოწყობილობების (ბანკომატი, პოს-ტერმინალი, მობილური ტერმინალი, ელექტრონული კომერციის ტერმინალი) პროგრამული უზრუნველყოფა. თუ სხვადასხვა მოწყობილობის პროგრამული უზრუნველყოფა შეძენილი იყო სხვადასხვა მომწოდებლისაგან, მაშინ მიეთითება თითოეული მათგანის დასახელება