1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან კომპონენტის ტექნიკური მომსახურება, „საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში“ (შემდეგში CAE – Combined airworthiness exposition) მითითებულ ადგილმდებარეობებზე;
ბ) ორგანიზება გაუწიოს საწარმოს კონტაქტორი/ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მომსახურებას, CAE-ში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული საჰაერო ხომალდ(ებ)ის ან კომპონენტ(ებ)ის ტექნიკური მომსახურება CAE-ში მითითებული პირობების შესაბამისად, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც ასეთი ტექნიკური მომსახურების ჩატარების საჭიროება წარმოიქმნება საჰაერო ხომალდის გაუმართაობის მიზეზით;
დ) ტექნიკური მომსახურების დასრულების შემდეგ გასცეს საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების სერტიფიკატი;
ე) განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მართვა;
ვ) დაამტკიცოს ტექნიკური მომსახურების პროგრამა (AMP), შემდეგი საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც არ ახორციელებენ კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას:
ვ.ა) თვითმფრინავი მაქსიმალური ასაფრენი მასით 2700კგ და ნაკლები, გარდა ძრავიანი კომპლექსური თვითმფრინავისა;
ვ.ბ) ვერტმფრენი მაქსიმალური ასაფრენი მასით 1200კგ და ნაკლები ან 4 ან ნაკლებ ადგილზე სერტიფიცირებული;
ვ.გ) ELA-2 საჰაერო ხომალდი.
ზ) განახორციელოს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების შეზღუდული სამუშაოები კონტრაქტორი ან ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით, თავისი ხარისხის სისტემის შესაბამისად, როგორც ეს მითითებულია სერტიფიკატში.
2. სააგენტოში წარსადგენად მოამზადოს საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის გაგრძელების რეკომენდაციები.
3. საწარმოს სამუშაო მოცულობა განსაზღვრული უნდა იქნეს CAE-ში.
4. 2730 კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასით თვითმფრინავების და 1200კგ მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასით ან 4-ზე მეტი ადგილით სერტიფიცირებული ვერტმფრენების შემთხვევაში სამუშაო მოცულობაში აღნიშნული უნდა იქნეს თითოეული საჰაერო ხომალდის ტიპი.
5. აირტურბინული ძრავებისთვის, სამუშაოების მოცულობა მიეთითება ძრავის მწარმოებლის, ჯგუფის, სერიის, ტიპის ან ტექნიკური დავალების (სამუშაოების) მიხედვით.
6. საწარმო, რომელშიც დასაქმებულია მხოლოდ ერთი ადამიანი როგორც დაგეგმვის, ასევე ტექნიკური მომსახურების შესასრულებლად, არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს ტექნიკური მომსახურება შემდეგ სხ-ზე/კომპონენტებზე:
ა) აირტურბინული ძრავით აღჭურვილი თვითმფრინავები (საწარმოსთვის საჰაერო ხომალდზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
ბ) აირტურბინული ან ერთზე მეტი დგუშიანი ძრავებით აღჭურვილი ვერტმფრენები (საწარმოსთვის საჰაერო ხომალდზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
გ) 450 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის დგუშიანი ძრავები (საწარმოსთვის ძრავაზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში);
დ) აირტურბინული ძრავები (საწარმოსთვის ძრავაზე მინიჭებული უფლებამოსილების შემთხვევაში).
7. საწარმო უფლებამოსილია სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, შესაბამისი პროცედურის მიხედვით განახორციელოს სერტიფიკატით განსაზღვრული სამუშაო მოცულობის ცვლილება:
ა) საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საჰაერო ხომალდებისა;
ბ) კომპონენტების ტექნიკური მომსახურება, გარდა აირტურბინული ძრავებისა;
გ) ურღვევი კონტროლის (NDT) სპეციალიზებული მომსახურება.
8. ძრავებისგან განსხვავებული კომპონენტების ტექნიკური მომსახურების სამუშაოს მოცულობა კლასიფიცირდება შემდეგი სახით:
ა) C1: კონდიცირებისა და ჰერმოკაბინის წნევის რეგულირების სისტემა (Air Condition & Pressurisation);
ბ) C2: ავტოპილოტი (Auto Flight);
გ) C3: სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემები (Comms and Nav);
დ) C4: კარები და ლუქები (Doors and Hatches);
ე) C5: ელექტროკვება და განათების სისტემა (Electrical Power & Lights);
ვ) C6: აღჭურვილობა (Equipment);
ზ) C7: ძრავა (Engine);
თ) C8: ფრენის მართვის სისტემა (Flight Controls);
ი) C9: საწვავის სისტემა (Fuel);
კ) C10: ვერტმფრენის მზიდი ხრახნები (Helicopter – Rotors);
ლ) C11: ვერტმფრენის ტრანსმისია (Helicopter – Transmission);
მ) C12: ჰიდრავლიკური სისტემა (Hydraulic Power);
ნ) C13: ხელსაწყო მოწყობილობა (Indicating – Recording System);
ო) C14: შასი (Landing Gear);
პ) C15: ჟანგბადის სისტემა (Oxygen);
ჟ) C16: საჰაერო ხრახნი (Propellers)
რ) C17: პნევმოსისტემა (Pneumatic & Vaccuum systems)
ს) C18: შემოყინვის საწინააღმდეგო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა (Protection ice/rain/fire);
ტ) C19: ეკიპაჟის ფანარი და ილუმინატორი (Windows);
უ) C20: პლანერის სტრუქტურა (Structures);
ფ)C21: წყლის ბალასტი (Water Ballast);
ქ) C22: წევის ძალის გაზრდა (Propulsion Augmentation).
9. საფრენად ვარგისობის კომბინირებული საწარმო უფლებამოსილია, ტექნიკური მომსახურების მონაცემების შესაბამისად, დაამზადოს ნაწილების შეზღუდული სპექტრი, რომელიც მითითებულია CAE-შ