1. საწარმო ვალდებულია პერსონალი უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილი შენობა-ნაგებობებით, მათ შორის, საოფისე ფართით დაგეგმილი სამუშაოების შესასრულებლად.
2. საჰაერო ხომალდის ტექნიკური პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი გარემოთი, სადაც მათ შეუძლიათ შეისწავლონ ტექნიკური ინსტრუქციები და აწარმოონ საფრენად ვარგისობის შენარჩუნების ჩანაწერები სათანადო წესით.
3. თუ სამუშაო მოცულობა მოიცავს ტექნიკურ მომსახურებას, საწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) სპეციალიზებული სახელოსნოს, ანგარის და სადგომის სათანადოდ დაცვა დაბინძურებისა და გარემო ზემოქმედებისგან, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) სათადარიგო ნაწილების, სახარჯი მასალების, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შენახვისათვის დაცული სასაწყობე ფართის გამოყოფა, სადაც ექსპლუატაციისათვის ვარგისი კომპონენტებისა და მასალის შენახვა მოხდება უვარგისი კომპონენტების, მასალის, მოწყობილობისა და ხელსაწყოსგან განცალკევებით. შენახვის პირობები უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის ინსტრუქციას იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შენახული ნაკეთობების დაზიანება. სასაწყობო საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე უფლებამოსილი პირებისთვის.
4. ანგარში ტექნიკური მომსახურება არ მოითხოვება შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ შესაძლებელია, რომ საჰაერო ბურთებისა და დირიჟაბლებისთვის დიდი ზომის გარსის და მისაბმელი (ჩამოსაკიდი) აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურება ჩატარდეს ღია სივრცეში ტექნიკური მომსახურების მოთხოვნების გათვალისწინებით, გარდა რთული რემონტისას ან კომპონენტის ტექნიკური მომსახურებისას, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროცედურების სახელმძღვანელოში მითითებულ სახელოსნოებში CAE-პროცედურების შესაბამისად;
ბ) სააგენტოსთან შეთანმებით, საწარმოს კონკრეტული სამუშაო პაკეტისთვის შეუძლია გამოიყენოს პროცედურების სახელმძღვანელოში მითითებულ ლოკაციაზე ანგარის ალტერნატიული სამუშაო გარემო, საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სამუშაოების შესასრულებლად, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება დაბინძურებისა და გარემო ზემოქმედებისგან დაცვა.
5. თვითმფრინავების – 2730 კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასით, ვერტმფრენების – 1200კგ-მდე მაქსიმალური ასაფრენი მასით, სერტიფიცირებული 4 ან ნაკლები ადგილზე და სხვა ELA2 საჰაერო ხომალდებისთვის, სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, ტექნიკური მომსახურების ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სამუშაო პირობებში, თუ უზრუნველყოფილი იქნება უამინდობისა და დაბინძურებისგან დაცვა. ზემოაღნიშნული სამუშაო პირობები, სამუშაო მოცულობა, ხელმისაწვდომი ხელსაწყოები და აღჭურვილობა, ასევე ნებადართული გარემო პირობები (ამინდი, დაბინძურება) შეთანხმებული უნდა იყოს სააგენტოსთან.
შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა იხილეთ ევროკავშირის 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაციის (EU) №1321/2014 სახელმძღვანელო მასალაში AMC1 CAO.A.03