1. ჰიდროლოგია:

ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ჰიდროლოგიური ქსელი წარმოდგენილია ერთადერთი მდინარე იორით, რომელიც აღკვეთილს ორ ნაწილად ჰყოფს (დანართი 4).

იორი სათავეს იღებს კავკასიონის მთავარი ქედის ერთ-ერთ განშტოებაზე–ქართლის ქედზე, მწვერვალ ბორბალოსთან (2619 მ. ზ.დ-დან). სათავიდან მდინარე მიედინება სამხრეთის მიმართულებით, საგარეჯოსთან მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით და მიედინება ივრის ზეგანზე. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში იგი უახლოვდება და მიუყვება აზერბაიჯანის საზღვარს, სცდება საქართველოს საზღვრებს და ჩაედინება მინგეჩაურის წყალსაცავში (83 მ. ზ.დ-დან). ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიას მდინარე იორი კვეთს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდ. იორი წარმოადგენს მთავარ არტერიას, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან მაღალი მთის ტყეებსა და არიდულ და სემიარიდულ ეკოსისტემებს. მდ.იორის სიგრძე დაახლოებით 320 კმ-ია, აუზის ფართობი – 4,650 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 450 კმ-ში 12 კუბ. მ/წამია. აღკვეთილის ტერიტორიაზე მდ. იორის სიგრძე უდრის 70 კმ-ს, სიგანე დაახლოებით 20 მეტრია, სიღრმე საშუალოდ 0,5 მ-დან 1 მეტრამდე მერყეობს, თუმცა, ზოგიერთ ადგილზე მისი სიღრმე 2 მეტრსაც აღწევს. მდ. იორის კალაპოტი დაკლაკნილია, ნაპირები ბევრ ადგილას ჩამოშლილია, ფსკერი ქვიანია. მდ. იორი იკვებება, უმთავრესად, ატმოსფერული ნალექებით, წვიმის წყლით, თოვლის ნადნობით და ნაწილობრივ გრუნტის წყლებით. გაზაფხულსა და შემოდგომაზე, წვიმიან პერიოდში მდინარე წყალუხვია, ხოლო ზაფხულსა და ზამთარში – შედარებით წყალმარჩხი;

ბ) გრუნტის წყლები აღკვეთილის ტერიტორიაზე დიდ სიღრმეზეა განლაგებული, ამიტომ წყაროები აქ არ არის. არ არის არც ტბები. მდინარის ზეგავლენა მხოლოდ დაბლობის ვიწრო ზოლზე ვრცელდება. დაბლობის ჩრდილოეთით, ივრის ზეგნის ამ ნაწილში ბევრია მშრალი და პერიოდულად წყლიანი ხევ - ხრამები, რომლებშიც წყალი ღვარცოფულად გადის მხოლოდ ძლიერი წვიმების დროს. ხევებიდან გამომავალი წყლის ნაკადი დაბლობის მხოლოდ ჩრდილო ნაწილამდე აღწევს. აღნიშნული მშრალი ხევ - ხრამები არ ახდენს გავლენას უდაბნოს მცენარეულობის გავრცელებაზე.

2. გეოლოგია: გეოლოგიურად ჭაჭუნის აღკვეთილი შედის ამიერკავკასიის მთათაშუა ოლქში. ჭაჭუნაში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები, ვულკანური ფერფლის შრეები და რიყნარები. აღკვეთილის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული. აღკვეთილის სიახლოვეს ვხვდებით საფლუსე და საკირე კირქვის საბადოებს, აგრეთვე, ბიტუმის შემცველობის კირქვის გამოსავლებსა და მცირე ტბების სახით წარმოდგენილ ბიტუმის დანაგროვებებ