1. ლანდშაფტები: ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორია მიეკუთვნება მშრალი სტეპებისა და ნახევარუდაბნოების ზონებს, რომელშიც ვხვდებით ჭალის ტყეებისა და არიდულ-სემიარიდული სისტემებისთვის დამახასიათებელ ლანდშაფტებს (სტეპი, ტყესტეპი, არიდული ნათელი ტყე, ნახევრადუდაბნო). აღკვეთილის რელიეფი ერთგვაროვანი არ არის, ბორცვები, თიხნარი გორაკები, ციცაბო ფერდობები, ტერასები და მშრალი ხევები ძალზე სწრაფად მონაცვლეობენ და თავისებურ, საკმაოდ ლამაზ ლანდშაფტს ქმნიან.

2. რელიეფი: აღკვეთილი წარმოდგენილია მდინარე ივრის ზეგნით, რომელშიც გამოიყოფა რელიეფის შემდეგი ფორმები: მდინარე იორის დაბლობი, ბორცვები, გორაკები, ფერდობები, ტერასები, ხევები და თიხნარი ფლატეები ე.წ. ალესილები. ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთი ნაწილი ხასიათდება მეტად რთული რელიეფით, რომლის აბსოლუტური სიმაღლე 100-1000 მ-ის ფარგლებში მერყეობს. აქ სახეზეა ასიმეტრიული სერებისა და მათ შორის მდებარე ვაკეების რთული ურთიერთმონაცვლეობა. აღკვეთილის ტერიტორიის ქანები აგებულია, ძირითადად, მესამეული და მეოთხეული პერიოდების ძველი ნალექებით. წარსულში და ამჟამად მოქმედმა ენდოგენურმა და ეგზოგენურმა (შრეთა დახრილობა და მიმართულება, ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის პროცესების ინტენსივობა, ეროზიული პროცესები და სხვ.) ფაქტორებმა განაპირობეს რელიეფის უცნაური ფორმების შექმნა. ტერიტორიაზე გავრცელებულია ქვიშა-ქვების და თიხნარების ნაფენები, აგრეთვე, გაჯიანი, კარბონატულ-თიხიანი ქანები და კირქვის ფრაგმენტები. ამ პროცესების შედეგია ვიწრო გამკვეთი ხევხუვები, გადარეცხილი ფერდობები (ხშირად ეროზირებული და მშრალი ხევებით გადაკვეთილი) და ვერტიკალური კედლები-ალესილები. თაბაშირის შემცველ ზღვიურ თიხებში განვითარებულია უამრავი ფსევდოკარსტები, რომლებიც მრავლადაა ჭაჭუნის სამხრეთით მდებარე სერების მასივებზე. მდინარის ვაკეებზე გვხვდება ალუვიონები.

3. ნიადაგები: ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გავრცელებულია შემდეგი ტიპის ნიადაგები (დანართი 5): ივრის ხეობაში, მდინარის გასწვრივ ჭალის ტყეებში გვხვდება ალუვიური, ხოლო ქედებსა და გორაკ-ბორცვიან ადგილებში – მთა-მდელოს ნიადაგები, რომლებიც ხასიათდება გაჯიანი, კარბონატული, თიხიანი და კირქვიანი ფენებით. ალესილები კი აგებულია თიხნარი ნაფენებით. აღკვეთილის ტერიტორიაზე გვხვდება, აგრეთვე, ნახევარ-უდაბნოებისა და სტეპებისათვის დამახასიათებელი ქვიშა-ქვიანი ნიადაგები. აქ გავრცელებული ნიადაგების კლასიფიკაცია ასეთია:

ა) რუხი - ყავისფერი ნიადაგები – ძირითადად განვითარებულია ვაკეებსა და სხვადასხვა დაქანების მქონე ფერდობებზე. ეს ნიადაგები საშუალოდ თიხნარი, სუსტად დამუშავებული საშუალოდ ბიცობიანია. ამ ტიპში ორ ქვეტიპს გამოყოფენ:  რუხი ყავისფერი და მდელოს რუხი ყავისფერი ნიადაგები;

ბ) ალვეოლურ - კარბონატული დიდი სისქის ნიადაგები გვხვდება მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე და აღკვეთილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. ეს ნიადაგები არის სუსტად დამლაშებული, სუსტი თიხნარი და სუსტად ხირხატიანი.

4. კლიმატი:

ა) რეგიონი საქართველოში ყველაზე მშრალი ჰავით გამოირჩევა. ჭაჭუნისთვის თბილი კონტინენტური, ზომიერი კლიმატია დამახასიათებელი. აქ გაბატონებული მშრალი კლიმატი შედარებით ცივი ზამთრით, ხანგრძლივი ცხელი ზაფხულით, ნალექების ორი მაქსიმუმითა (გაზაფხული და შემოდგომა) და ორი მინიმუმით (ზამთარი და ზაფხული) გამოირჩევა;

ბ) ივრისპირეთის ჩრდილოეთით მდებარე ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის სერებისა და მათ შორის მდებარე დეპრესიული ვაკეებისათვის საშუალო წლიური ტემპერატურა 13°C-ია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2,5°C-ის ფარგლებშია. აბსოლუტური მინიმუმი -20°C-მდეა. თოვლის საფარი მცირეა, სამხრეთ ფერდობებზე არამდგრადია, ჩრდილო ფერდობებზე შედარებით დიდხანს დევს. გაზაფხული არამდგრადია და სხვა სეზონებთან შედარებით-ნალექიანი. აპრილის საშუალო ტემპერატურა 11-12°C-ია. ზაფხული უნალექოა. ივლისის საშუალო ტემპერატურა ჩრდილში 22°C-ის ფარგლებშია. შემოდგომა თბილი, მდგრადი და ხანგრძლივია. ოქტომბრის საშუალო ტემპერატურა 13°C-ია;

გ) ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური ჯამი 180 - 200 მმ-ის ფარგლებშია. აორთქლებადობა 900 – 1,000 მმ-ია, დატენიანების კოეფიციენტი 0,4-0,6;

დ) მინიმალური ტემპერატურა ფიქსირდება იანვარში -11°, -17°C, თუმცა ასეთი ყინვები აღინიშნება მხოლოდ მაღლობ ადგილებში და ვრცელ ველობებზე, ხოლო ჭალის ტყეებში მსგავსი ძლიერი ყინვები არ იცის. ზამთარში თოვლის საფარის სისქე დიდი არ არის და აღწევს 3-5 სმ-ს, გრძელდება 3-4 დღის მანძილზე. ადრეული ყინვები აღკვეთილში შეიმჩნევა ნოემბერში, გვიანი ყინვები კი – აპრილის მეორე დეკადაში;

ე) გაბატონებულია ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომლებიც აღინიშნება, ძირითადად, თებერვალ-მარტში. ზაფხულში აღკვეთილის ტერიტორიაზე ქრის აღმოსავლეთის მშრალი ქარი, ე.წ. ფიონები. აღკვეთილში აღინიშნება მზის მაღალი რადიაციაც. ასეთი კლიმატური პირობები კი იწვევს ნიადაგის გამოფიტვა-გათიხების პროცესების გააქტიურებას.

5. ჰაბიტატები

ა) ჭაჭუნის აღკვეთილში რამდენიმე სახის ჰაბიტატს გამოყოფენ: ჭალის ლეშამბიანი ტყე და

ჭალის შერეული ტყე – Riparian mixed forests of Quercus robur, Ulmus laevis and Ulmus minor, Fraxinus escelsior or Fraxinus angustifolia, along the great rivers (Ulmenium minoris). ჭალის ლეშამბიანი ტყე გვხვდება დიდი მდინარეების სანაპიროზე, დაბლობ ადგილებში. დომინანტი სახეობებია ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora=Q. longipes), თეთრი ვერხვი (Populus alba), ფშატი (Elaeagnus angustifolia), იალღუნი (Tamarix ramosissima, T. hohenackeri), ქაცვი (Hippophae rhamnoide). ხეები დაფარულია ლიანებით – Vitis vinifera ssp. Sylvestris, Periploca graeca, Cynanchum acutum, Solanum persicum, etc. ივრის ჭალის ტყეში გვხვდება ჭალის მუხა, თეთრი ვერხვი და თელა. იშვიათია იფანი, თუთა და ფშატი. ქვეტყეში მრავალად გვხვდება, ასევე, იალღუნი, კუნელი, ბროწეული და კოწახური. ლიანებიდან აღსანიშნავია კატაბარდა, ბალახეულობიდან - Cynanchum acutum, Plantago lanceolate, Sisymbrrium loeselii და ისლები;

ბ) ასოცირებული ჰაბიტატის ტიპები:

ბ.ა) მდინარის სანაპირო ტყე;

ბ.ბ) ტენიანი მდელო;

ბ.გ) ჭაობი;

ბ.დ) ვეძიანი ნახევარუდაბნოს ნაკვეთები;

გ) ბუნებრივი და ნახევრად ბუნებრივი მშრალი მდელოები:

გ.ა) ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა: ნახევრად უდაბნოს მცენარეულობა იკავებს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს არიდული რეგიონის დიდ ნაწილს, სადაც ნაკლებადაა წარმოდგენილი ბუჩქნარი და მეტია ბალახოვანი მცენარეულობა. თუმცა, ბუჩქების ცალკეული ინდივიდები შერეულია ამ თანასაზოგადოებებში. ამ თანასაზოგადოებების დომინანტი სახეობებია: Anabasis aphylla, Salsola ericoides, S.dendroides, S. glauca, Gamanthus pilosus, Suaeda microphylla, Petrosimonia brachiate, Aellenia glauca, Kalidium capsicum. ნახევრად უდაბნოსთვის დამახასიათებელია ეფემერების და ეფემეროიდების არსებობა: Tulipa eichleri, Allium atrviolaceum, Poa bulbosa, Colpodium humile, Bromus japonicus, Alyssum desertorum, Helianthemum salicifolium, etc. ბუჩქებიდან გვხვდება Nitraria schoeberi. ეროზირებული და ჩამორეცხილი ფერდობები თხლად არის დაფარული მარცვლოვანი და ბალახოვანი მცენარეებით: Festuca sulcate, Stipa szovitsiana, Artemisia fragrans, etc;

გ.ბ) სტეპის მცენარეულობა: სტეპის მცენარეულობა წარმოადგენს არიდულ რეგიონში ნახევრად უდაბნოს მცენარეულობის გაგრძელებას ზღვის დონიდან სიმაღლის შესაბამისად. მეორე მხრივ, იგი ესაზღვრება არიდულ ნათელ ტყეებს. დომინანტი სახეობა სტეპში არის ურო – Bothriochloa ischaemum, რომლის გვარი ფართოდაა გავრცელებული დედამიწის ორივე ნახევარსფეროშ