1. ტყის ეკოსისტემები და ფლორა:
ა) ჭაჭუნის აღკვეთილის მცენარეულობა ორიგინალური და მრავალფეროვანია. აღკვეთილის კლიმატურმა და ფიზიკურ-გეოგრაფიულმა პირობებმა განაპირობეს მეტად თავისებური და მრავალფეროვანი მცენარეული საფარის განვითარება. მდინარე იორის ქვედა დინების თავისებურებაა აღკვეთილში მშრალი სუბტროპიკული არიდული კლიმატის ზონის არსებობა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მატულობს, რის გამოს იცვლება მცენარეული საფარი ვერტიკალურად;
ბ) მდ. ივრის კალაპოტის მიმდებარე დაბლობებზე, ვაკე-ტაფობებსა და გამოტანის კონუსებზე გვხვდება ტირიფი და ქაცვი, სუსტად დამლაშებულ ნიადაგებზე გაბატონებულია იალღუნი, რომელიც ქმნის ხშირ რაყებს;
გ) მდინარე იორის სანაპირო ზოლში, ვაკე-ჭალაზე და I-II ტერასებზე გავრცელებულია ტუგაის ტიპის ჭალის ტყე, ხოლო მიმდებარე გორაკებზე – არიდული ნათელი ტყეების, ნახევრად უდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი. პირველი ტერასის მცენარეულობას წარმოადგენს ვერხვნარ – თელნარები (Populeta - Ulmeta) გრძელყუნწა მუხის (Quercus longines) მონაწილეობით. ჭალის ტყის დომინანტი სახეობებია: თეთრი (Populus canescens) და შავი ვერხვი (Populus nigra), გრძელყუნწა მუხა (Quercus longines) და ტირიფი (Salix alba). უშუალოდ მდინარის ნაპირს მიუყვება ტირიფის (Tilia cordata) ზოლი, მას მოსდევს ვერხვის (Populus hybrida), თელის (Ulmus glabra და Ulmus minor), რცხილის (Carpinus caucasica Grossh.), ნეკერჩხლის (Acer campestre L), თუთის (Morus alba L.), იფანის (Fraxinus excelsior), კაკლის (Juglans regia), აკაციის (Acacia sp.), ჯარგცხილას (Carpinus orientalis), ქაცვის (Hippophae rhamnoides), ძეძვის (Paliurus spina-Christi Mill.), იალღუნია (Tamarix sp.) და ველური ფშატის (Elaeagnus angustifolia) ფოტოცენოზები;
დ) მეორე ტერასაზე გაბატონებულია ჭალის მუხნარები. მდინარის ნაპირებზე გვხვდება ლერწამი (Pragmites australis). ამ ტერასის განაპირა ნაწილში მუხნარები მეჩხერდება და იცვლება მეორადი წარმოშობის ძეძვიანებით. მუხნარის და კევის ხის მეჩხერებში შერეულია ფშატისა და ბერყენას რაყები;
ე) ქვეტყეში წარმოდგენილია: წითელი (Crataegus kyrtostyla Fing) და შავი კუნელი (Crataegus nigra), შინდი (Cornus mas), მაყვალი (R. fruticosus), კვრინჩხი (Prunus spinosa L.), შინდანწლა (Thelycrania australis (C. A. M.) K. San.), ძეძვი (Paliurus spina-Christi Mill.), იალღუნი (Tamarix sp.), ქაცვი (Hippophae ramnoides), კვიდო (Ligustrum vulgare L.), ჭანჭყატი (Euonymus sp. ), ასკილი (Rosa canina), ზღმარტლი (Mespilus germanica), ტყემალი (Prunus spinosa), ბროწეული (Punica granatum L.), ცხრატყავა (Lonicera iberica ), ჭალაფშატა (Elaeagnus angustifolia L.), კოწახური (Berberis vulgaris L.). ჭალის ტყის მხვიარა მცენარეები ჩვეულებრივი (Hedera helix) და პასტუხოვის სურო (Hedera pastuchowii), ლიანები, ეკალღიჭი (Smilax excelsa ), კატაბარდა (Clematis vitalba L.), ღვედკეცი (Periploca græca), მაყვალთან (Robus cyri) და ქვეტყესთან ერთად ქმნიან გაუვალ ადგილებს, რითაც იქმნება საუკეთესო პირობები ცხოველების თავშესაფრისა და ბუდობისთვის. აღნიშნული ადგილები, ასევე, ითვლება მათ საკვების ბაზადაც;
ვ) ივრის ნაპირას დაბლობ, ტენიან ადგილებში გავრცელებულია შემდეგი ბალახოვანი მცენარეები: ისლი (Carex sp.), აბზინდა (Artemisia absinthium L.), ძირტკბილა (Polypodium vulgare L.), ბაბუაწვერა (Taraxacum Officinale W g g), ძეძვი (Paliurus spina-Christi Mill), მინდვრის ცოცხი (Lygia passerina (L.) Fas.), წივანა (Festuca ovina L.), ნემსიწვერა (Pelargonium sp.), ავშანი (Artemisia Phyllostachys (Boiss.) G. Wor.), ლელი (Phragmites communis Trin), ლერწამი (Arundo donax L.), თივაქასრა (Poa nemoralis L.), კრაზანა (Hypericum sp.), მელაკუდა (Alopecurus myosuroides Huds. ), ბირკა (Caucalis daucoides L.) და სხვა.
2. არიდული ტყეები აღკვეთილის მცენარეულობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი ტიპია. ისინი ფერდობების ქვედა ნაწილში და რბილ ფორმებზე (გორაკბორცვები, გავაკებები, ხევისპირები) არის განვითარებული. არიდული მეჩხერების დომინანტია საკმლის ხე/საღსაღაჯი/კევის ხე (Pistacia mutica). საკმლის ხისა და სიმშრალის მოყვარული სხვა მერქნიანი მცენარეებისაგან შემდგარი მეჩხერი (ნათელი) ტყეები წარსულში სავანის მსგავს ტიპს ქმნიდა. ამჟამად, ამ უნიკალური ლანდშაფტის მცირე ნაშთებიღაა შემორჩენილი.
3. აღკვეთილში არიდული ნათელი ტყეების ორი ძირითადი ფორმაციაა წარმოდგენილი:
ა) საკმლისხიანი (Pistacia mutica);
ბ) ღვიიანი (Junipereta foetidisima, Junipereta polycarpos).
4. საკმლის ხის (Pistaceeta) მცენარეული ასოციაციები მდინარე ივრის ნაპირებზე არსებულ ჭალის ტყეს არშიასავით აქვს შემოვლებული.
5. ღვიანებს (Junipereeta) (შავი ღვია (Junipereta foetidisima), მრავალნაყოფა ღვია (Junipereta polycarpos) უმეტესად სერების ფერდობების შუა და ზემო ნაწილი უჭირავთ. ღვიის იშვიათი რელიქტური სახეობები ნათელ, გამეჩხერებულ შერეულ პატარ-პატარა ზომის ტყეებს წარმოქმნიან. ზოგჯერ კი ღვიები ერთეული სახით გვხვდება. ეს ლანდშაფტი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე - ეფემერების მასობრივი ყვავილობის დროს. სერებსა და გორაკებზე გარკვეული ფართობები უჭირავს მთის ქსეროფიტთა დაჯგუფებებს, რომელშიც გლერძის (Astragalus), ბეგქონდარას (L.Thymus sp.) და სხვა სახეობები ბატონობს.
6. მდინარისაგან დაშორებულ ზეგანზე უმეტესი ფართობები, გორაკების ფერდობები ქვევიდან ზევით, უჭირავს რელიქტურ-უროიან (Andropogon ischaemum L) და ტიპიურ ვაციწვერიან (Stipa sp.) სტეპებს, რომლებიც ხშირად ჯაგეკლიანი, ძირითადად ძეძვიანი (Paliurus spina-Christi Mill. ) ვარიანტებითაა წარმოდგენილი.
7. უროიანი ველები, ძირითადად, წარმოდგენილია: წმინდა უროიანი (Andropogon ischaemum L)., უროიან - წივანიანი (Andropogoneta-Festueta), უროიან - ვაციწვერიანი (Andropogoneta – Stipeeta), უროიან - ჭანგიანი (Andropogoneta-Agropyrumeta), უროიან - ნაირბალახოვანი (Andropogoneta–mixtoherbosa), უროიან - ძეძვიანი (Andropogoneta – Paliureta), უროიან -გრაკლიან - ძეძვიანი (Andropogoneta - Paliureta), უროიან-გრაკლიან-ღვიიანი (Andropogoneta – Spiraeta - Junipereta) და სხვა ბალახოვნების სახით, სადაც ფართოდაა, ასევე, წარმოდგენილი ეფემერებიც.
8. მდინარისგან კიდევ უფრო მოშორებით მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს ნახევარად უდაბნოს, რომელსაც, ძირითადად, ქმნის: ავშანი (Artemisia phyllostachys (Boiss.) G. Wor. ), ყარღანი (Salsola dendroides Pall.) და ჩარანი (Salsola ericoides M. B.).
9. ხევები და ფლატეები ხასიათდება ქსეროფილური ბუჩქების ფრაგმენტებით.
10. ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული „ბუნების მატიანეს“ (2018) მიხედვით ჭაჭუნის აღკვეთილის ტყის ეკოსისტემები დღესდღეობით დაახლოებით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
ა) მუხნარი წივანას საფარით 65 ჰა;
ბ) ღვიიანი ნაირბალახოვანი საფარით 328 ჰა;
გ) ვერხვნარი ნაირბალახოვანი საფარით 314 ჰა;
დ) ვერხვნარი ისლის საფარით 6 ჰა;
ე) ვერხვნარ-ხორბლიანი საფარი 148 ჰა;
ვ) ტირიფნარ-ხორბლოვანი საფარი 31 ჰა;
ზ) თელნარი ნაირბალახოვანი საფარით 57 ჰა;
თ) თელნარი ხორბლიანი საფარით 65 ჰა;
ი) ჯაგრცხილნარი ნაირბალახოვანი საფარით 145 ჰა;
კ) იალღუნიან-ხორბლოვანი საფარი 34 ჰა;
ლ) კევის ხის ასოციაცია ნაირბალახოვანი საფარით 171 ჰა;
მ) ძეძვნარი ხორბლოვანი საფარით 74 ჰა.
11. სამონადირეო მეურნეობას გადაცემულ ფართობებზე წარმოდგენილია 3 ტიპის ვერხვნარი (ვერხვნარი ნაირბალახოვანი საფარით, ვერხვნარი ისლის საფარით, ვერხვნარი ხორბლიანი საფარით – ჯამში 13 ჰა ფართობი). აქედან გამომდინარე, დღესდღეობით, ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ვერხვნარების ფართობი შეადგენს 455 ჰა-ს. ამჟამად, ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტყის ფართობი შეადგენს 1 438 ჰა -ს, მათგან გამეჩხერებული ტყეების ფართობია 1 298 ჰა. აღკვეთილის ტერიტორიაზე ტყის ეკოსისტემების გარდა, ასევე, წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის სავარგულები: ველობები - 331 ჰა, საძოვრები - 1398 ჰა. (დანართი 6). ხევები და კლდიანი ადგილები შეადგენს 249 ჰა-ს, ქვიშნარები წარმოდგენილია 400 ჰა, ხოლო წყლის ეკოსისტემები - 195 ჰა ფართობზე.
12. მცენარეულობა: ჭაჭუნის აღკვეთილში აღრიცხულია მცენარეთა დაახლოებით 104 სახეობა. აქედან 6 სახეობის მერქნიანი მცენარე საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი, 5 სახეობა რელიქტური, 3 საქართველოს ენდემი, ხოლო 1 კავკასიის ენდემური სახეობაა.
13. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებია: სამხრეთის აკაკი (Celtis australis), საკმლის ხე (საღსაღაჯი) (Pistacia mutica), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), შავი ღვია (Juniperus foetidisima), მრავალნაყოფა ღვია (Junipereta polycarpos) (დანართი 7).
14. რელიქტური მერქნიანი სახეობებია: საკმლის ხე (Pistacia mutica), შავი ღვია (Juniperus foetidisima), მრავალნაყოფა ღვია (Junipereta polycarpos), სამხრეთის აკაკი (Celtis australis Linne) და ჭალის მუხა (Quercus longipes Steven).
15. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გავრცელებულია შემდეგი სახეობები: ეიხლერის ტიტა (Tulipa eichleri), ქართული ზამბახი (Iris iberica) და ქართული კოწახური (Berberis vulgaris).
16. კავკასიის ენდემური სახეობა – ქართული კოწახური (Berberis iberica), ჭაჭუნის აღკვეთილის ფლორის მნიშვნელოვანი სახეობა, გავრცელებულია მშრალ ფერდობებსა და ვაკეებზე, ხევების გაყოლებით, არიდული ტყის ყავისფერ ნიადაგებსა და რიყეებზე.
აღკვეთილში გვხვდება 28 მერქნიანი (დანართი 10) და 14 სამკურნალო მცენარეების სახეობა (დანართი 8).
17. კულტურული მცენარეების ველური წინაპრებიდან აღკვეთილის ტერიტორიაზე გვხვდება 12 სახეობა.
18. ჭაჭუნის აღკვეთილის ველების ჯაგეკლიანი, ბალახოვანი და ლიანა მცენარეების სახეობები მოცემულია დანართ 9-ში.
19. ფაუნა:
ა) ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორია ცხოველთა მრავალი საინტერესო სახეობით ხასიათდება. აქ გვხვდება როგორც ტყის, ასევე სტეპისა და უდაბნოს ფაუნის წარმომადგენლები, რომელთა შორის ბევრია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობა (დანართი 11);
ბ) აქ გვხვდება ძუძუმწოვრების სულ 47 სახეობა. მათგან 6 – საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი და ასევე, ევროპის დონეზე გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა;
ბ.ა) მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გვხვდება: მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), რუხი მგელი (Canis lupus), მელა (Vulpes vulpes), ტურა (Canis aureus), ლელიანის კატა (Felis chaus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი (Lutra lutra), მაჩვი (Meles meles), მაჩვზღარბა (Hystrix indica) და სხვა;
ბ.ბ) წვრილი ძუძუმწოვარი ცხოველებიდან აღკვეთილში ბინადრობს 25 სახეობა: პაწია თაგვი (Micromys minutus), კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus), პონტოს თაგვი (Apodemus ponticus), სახლის თაგვი (Mus musculus), შავი ვირთაგვა (Rattus rattus), ამიერკავკასიის ზაზუნა (Mesocricetus brandti), ევროპული ზღარბი (Erinaceus concolor ) და სხვ;
ბ.გ) აქ გვხვდება 12 სახეობის ღამურა: ულვაშა მღამიობი (Myotis blythii), სამფერი მღამიობი (Myotis emarginatus), დიდი ცხვირნალა (Rhinolophus ferrumequinum), მცირე ცხვირნალაც (Rhinolophus hipposideros) და სხვ.;
გ) ფრინველები: ჭაჭუნის აღკვეთილი მდიდარია ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც. მას ესაზღვრება აზერბაიჯანი და ორივე მხარეს დაცული ტერიტორიების არსებობა (ჭაჭუნის აღკვეთილი საქართველოში და ელდარის ფიჭვის ნაკრძალი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) უზრუნველყოფს გადამფრენი ფრინველების დაცვას და მათ გამრავლებას. დღეისათვის აღკვეთილის ტერიტორიაზე აღწერილია ფრინველთა 268 სახეობა, აქედან 23 როგორც ,,საქართველოს წითელ ნუსხაში“, ასევე, IUCN-ის „წითელ ნუსხაშიცაა“ შეტანილი (დანართი 12);
გ.ა) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ფრინველებიდან აღსანიშნავია: გავაზი (Falco cherrug), წითელთავა შავარდენი (Falco biarmicus), მცირე კირკიტა (Falco naumanni), ბექობის არწივი (Aquila heliaca), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), წითელი იხვი (Tadorna ferruginea), ქოჩორა ვარხვი (Pelecanus crispus), ვარდისფერი ვარხვი (Pelecanus onocrotalus), სარსარაკი (Tetrax tetrax), თვალჭყეტია (Burhinus oedicnemus), თეთრკუდა ფსოვი (Haliaeetus albicilla), შავი ყარყატი (Ciconia nigra), მცირე თეთრშუბლა (Anser erythropus), ქორცქვიტა (შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) (Accipiter brevipes ), დიდი მყივანი არწივი (Clanga clanga), მთის არწივი (Aquila chrysaeos) და ველის კაკაჩა (Buteo rufinus rufinus) და სხვა (დანართი 13);
გ.ბ) აღკვეთილში გვხვდება მიგრანტი ფრინველების 110 სახეობა, მთელი წლის განმავლობაში რჩება 79 სახეობა. მობუდარი ფრინველებიდან გავრცელებულია 61 სახეობა, ზამთრის ვიზიტორები – 50, ერთდროულად მიგრანტი და ზამთრის ვიზიტორი – 41, ხოლო იშვიათად შემომფრენი – 5;
დ) თევზები: მდინარე იორში გხვდება 12 სახეობის თევზი: ლოქო (Silurus glanis), მურწა (Barbus mursa), მტკვრის წვერა (Barbus lacerta curi), შამაია (Chalacalburnus chalcoides), კობრი(გოჭა) (Cyprinus chalchoides), ჭანარი (Barbus capito), ციმორი (Gobio persa), კარჩხანა (კარასი) (Carassius carassius), საზანი (Cyprinus carpio) და სხვ (დანართი 14). თევზების ინვაზიური სახეობებიდან აღსანიშნავია კობრი/ საზანი (Cyprinus carpio);
ე) რეპტილიები/ქვეწარმავლები: დიდი მრავალფეროვნებით არის წარმოდგენილი რეპტილიების/ ქვეწარმავლების კლასი, აქ 23 სახეობის ქვეწარმავალი ბინადრობს: კუები - 3 სახეობა, ხვლიკები – 4 სახეობა და გველები – 7 სახეობა (დანართი 15). საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ქვეწარმავლების 2 სახეობაა შეტანილია: კუების 1 სახეობა – ხმელთაშუაზღვიური კუ (Testudo graeca Linnaeus) და გველების 1 სახეობა – ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (Malpolon monspessulanus). ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე 3 სახეობის კუ გვხვდება, ესენია: ჭაობის კუ (Emys orbicularis), კასპიური კუ (Mauremys caspica) და ხმელთაშუაზღვიური კუ (Testudo graeca Linnaeus). განსაკუთრებულ ყურადღებას ჰერპეტოფაუნა (გველები) იმსახურებს: წყლის ანკარა (Natrix tesselata), ჩვეულებრივი ხვლიკიჭამია გველი (Malpolon monspessulanus), წითელმუცელა მცურავი (Dolichophis schmidti), ფერადი მცურავი (Hemorrhois ravergieri), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe sauromates (Pallas, 1811)) და გიურზა (Vipera lebetina). 1 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ხვლიკების შემდეგი სახეობაა რეგისტრირებული, ესენია: ზოლებიანი ხვლიკი (Lacerta strigata), გველხოკერა (Pseudopus apodus) და კავკასიური ჯოჯო (Agama caucasica);
ვ) ამფიბიები: ჭაჭუნის აღკვეთილში 4 სახეობის ამფიბია ბინადრობს, ესენია: მწვანე გომბეშო (Bufo viridis), ტბის ბაყაყი (Rana ridibunda), კავკასიური ჯვრიანა (Pelodytes caucasicus) და კავკასიური გომბეშო (Bufo rerrucosissimus);
ზ) უხერხემლოები: აღკვეთილის უხერხემლო ცხოველები და მათ შორის ენტომოფაუნა ნაკლებადაა შესწავლილი, თუმცა, რიგების და ოჯახების დონეზე არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, აქ გვხვდება მრავალი სახეობის კალიები (ზეოჯახი Acridoidea), რიგი ხეშეშფრთიანებიდან ხოჭოები (Coleoptera), რიგი პეპლები (Lepidoptera), ჭიანჭველასებრნი(Formicidae), კლასი ობობასნაირები(Arachnoidea), რომელთაგან აღსანიშნავია ფართოდ გავრცელებული მორიელები (Scorpione sp.), მათ შორის, ჭრელი მორიელი (Mesobuthus eupeus C. L. Koch, 1839), რომელიც მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სტეპებისა და ნახევარუდაბნოების ტიპური ბინადარია;
თ) ფეხსასრიანები: ხოჭოებიდან ცნობილია ზურმუხტის ქსელისათვის მნიშვნელოვანი სახეობა ცრუქერქიჭამია (Stephanopachys linearis). ბოლო წლების განმავლობაში მავნებელი მწერების ფაუნიდან საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ტალღურასებრთა ოჯახის წარმომადგენელი პეპელა – არაფარდი პარკიხვევია (Ocneria dispar, Lymantria dispar), რომელიც საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს საკმლის ხეებს. ასევე, გვხვდება მჟაუნას არაფარდი მრავალთვალა (Lycaena dispar), მუხის მწვანე ფოთოლხვევია (Tortrix viridana), ვერხვის ფოთოლჭამია (Chrysomela populi), ხარაბუზები (Cerambicydae), ცხვირგრძელები (Curculionidae), მუხის დიდი ხარაბუზა (Cerambyx cerdo), ვერხვის დიდი ხარაბუზა (Caperda carcharias), მუხის ფოთლის რწყილი (Haltica saliceti);
ი) განამარხებული ფაუნა: ჭაჭუნის აღკვეთილის მიმდებარედ, „ტულიკ-ტაპას ქედის“ უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, 2010 წელს აღმოჩნდა მასტოდონტის ეშვი. საქარველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებისა და მკვლევრების მიერ 2011 წელს დაიწყო გათხრები, რის შედეგადაც გამოჩნდა მასტოდონტის ჩონჩხის სხვა ნაწილებიც, მათ შორის: მეორე ეშვი, მხრის ძვალი, იდაყვისა და სხივის ძვალი ბუნებრივ შესახსრებაში, ფალანგები, რამოდენიმე მალა, ნეკნი. აღნიშნული ნამარხები, დიდი ალბათობით, ერთსა და იმავე ინდივიდს უნდა ეკუთვნოდეს. აღნიშნული კვლევის დროს შეისწავლეს „ტულიკ-ტაპას ქედი“, ჭაჭუნის აღკვეთილის ველები და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიჯნის ყურე. ჩატარებული დაზვერვების შედეგად ჭაჭუნის ველზე, მასტოდონტის პოვნის ადგილიდან უფრო მოშორებით, აღმოსავლეთით აღმოჩნდა ძალზე საინტერესო ფაუნისტური კომპლექსი, რომელშიც ჰიპარიონული ფაუნის ჩვეულებრივ წარმომადგენლებთან ერთად გვხვდება შედარებით იშვიათი, ჰუმიდური გარემოსათვის დამახასიათებელი ცხოველების ნაშთები. ჯერჯერობით ნაპოვნია ქვეწარმავლებიდან (Reptilia): ხმელთაშუაზღვიური კუ (Testudo graeca), კუ (Emys sp).; ძუძუმწოვრებიდან (Mammalia): Castoridae, ცხენისებრნი - ცხენის წინაპრის სახეობა (Hipparion sp. Suidae indet.), ოჯახი ძროხისებრნის (Bovidae) წარმომდგენელი (Tracoderinae indet.), ოჯახი ირმისნაირთა (Cervidae) წარმომდგენელი (Procapreolus cusanus). გარდა ამისა, ყურადღებას იქცევს დიდი რაოდენობით კოპროლითების არსებობა, რაც, სავარაუდოდ, განამარხების in situ სიტუაციაზე მიუთითებს და ამ ადგილს სამეცნიერო კვლევისათვის პერსპექტიულს ხდის;
კ) ზურმუხტის ქსელის საიტის სახეობები და ჰაბიტატები: ჭაჭუნის აღკვეთილში გვხვდება ბერნის კონვენციით დაცული სახეობები: რუხი მგელი (Canis lupus), მურა დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მეჰელის ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi), ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo graeca), შამაია (Chalcalburnus chalcoides), მჟაუნას არაფარდი (Lycaena dispar), ულვაშა მღამიობი (Myotis blythii), სამფერი მღამიობი(Myotis emarginatus), დიდი ცხვირნალა (Rhinolophus ferrumequinum), მცირე ცხვირნალა(Rhinolophus hipposideros), ცრუქერქიჭამია (Stephanopachys linearis) (დანართი 16). EUNIS-ის მიხედვით ტერიტორიაზე გამოყოფენ 4 ტიპის ჰაბიტატს: E1.2 – მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა საფარი კირქვიანებზე და სტეპი ფუძე სუბსტრატებზე (Perennial calcalcareous grassland and basic steppes), E6.2 – შიდა კონტინენტური დამლაშებული სტეპები (Continental inland salt steppes), G1.11 – ჭალის ტირიფნარი (Riverine Salix woodland), G1.3 – ხმელთაშუაზღვისპირული ჭალის ტყე (Mediterranean riparian woodland