1. პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიცირდება ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს:

ა) არ მიეკუთვნება მე-2 და მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიებს;

ბ) ფინანსური ინსტრუმენტი არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი პერიოდით ვადაგადაცილებული;

გ) ფინანსური ინსტრუმენტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი პირობის ცვლილება, რომელიც არ არის განპირობებული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით.

2. ფინანსური ინსტრუმენტის პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში კლასიფიკაციის შემთხვევაში მისი შეფასება ხდება 12 თვიანი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალების მეთოდით (ან უფრო ხანმოკლე პერიოდზე, თუ ფინანსური ინსტრუმენტის დარჩენილი დაფარვის ვადა 12 თვეზე ნაკლებია).

3. განახლებადი ლიმიტის მქონე ფინანსური ინსტრუმენტებისთვის, როგორიცაა საკრედიტო ხაზები, ოვერდრაფტები და სხვა,  რომლებზეც არ მოითხოვება ფინანსური ინსტრუმენტის ამორტიზაცია (დაფარვა), მსესხებელს უნდა გააჩნდეს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გონივრული ვადის ფარგლებში დაფარვის უნარი.

4. მიკრობანკმა მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსურ ინსტრუმენტზე უნდა აწარმოოს ინტენსიური მონიტორინგი, რომ დროულად დაადგინოს ხომ არ არის აუცილებელი ამ ფინანსური ინსტრუმენტისთვის მე-2 ან მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის მინიჭება.

5. ბიზნესისათვის მომავალი/საპროგნოზო ფინანსურ მაჩვენებლებზე შეფასებით  გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის შემთხვევაში, მიკრობანკი უნდა დარწმუნდეს რომ მსესხებლის ბიზნეს-გეგმა რეალურია, კონკურენტუნარიანი და პრაქტიკულად განხორციელებადი.

6. თუ ფინანსურ ინსტრუმენტზე ფიქსირდება 30 დღეზე მეტი მიმდინარე ვადაგადაცილება, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა, მიკრობანკს შეუძლია მსესხებელს მიანიჭოს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ანალიზით დასტურდება, რომ ვადაგადაცილება გამოწვეულია მხოლოდ ტექნიკური მიზეზით და არა მსესხებლის მიმდინარე ფინანსური მდგომარეობის გაუარესები