1. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიას მიეკუთვნება გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტები.

2. ფინანსური ინსტრუმენტი გაუფასურებულია, თუ ის აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ კრიტერიუმს:

ა) მსესხებელს აქვს ისეთი ფინანსური პრობლემები, რომელიც საფრთხეს უქმნის ვალდებულების შესრულებას ან საეჭვოს ხდის მთლიან გადახდას;

ბ) ფინანსური ინსტრუმენტის გადახდის ძირითადი წყაროები, მათ შორის, კაპიტალი, მოგება ან/და ფულადი სახსრების გენერირების უნარი, არ არის საკმარისი ვალდებულების შესასრულებლად. შესაბამისად, კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს გადახდის სხვა წყაროები, როგორიცაა: გირავნობის ან იპოთეკის საგნის რეალიზაცია ან მსესხებლის სხვა აქტივების გაყიდვა;

გ) მსესხებელს შეუმცირდა ვალდებულება ფინანსური ინსტრუმენტის ძირის ანდა დარიცხული პროცენტის ნაწილობრივი პატიებით ანდა ჩამოწერით;

დ) ფინანსური ინსტრუმენტი ვადაგადაცილებულია 90-ზე მეტი დღით.

3. თუ მსესხებლის რომელიმე ფინანსური ინსტრუმენტი არის 90-ზე მეტი დღით ვადაგადაცილებული, მსესხებლის სხვა დანარჩენი ფინანსური ინსტრუმენტებიც უნდა ჩაითვალოს გაუფასურებულად, გარდა ამ წესის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. მსესხებლის ფინანსური პრობლემის განსაზღვრისა და შესაბამისად  ფინანსური ინსტრუმენტის გაუფასურებულად აღიარების შესაძლო დამატებითი ინდიკატორებია:

ა) მსესხებლის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება, რაც შესაძლოა აისახოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე;

ბ) უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის პროცესის დაწყება;

გ) მსესხებლის მიერ საქმიანობია განხორციელების უფლების სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვა/დაკარგვა;

დ) მსესხებლის კაპიტალის ამოწურვა ან მნიშვნელოვანი შემცირება;

ე) ფინანსური ინდიკატორების მკვეთრი გაუარესება;

ვ) მსესხებელი წარმოადგენს თავდებს/თანამსესხებლს გაუფასურებულ ფინანსურ ინსტრუმენტზე;

ზ) მსესხებლის მიერ კომერციული ბანკისათვის ფინანსური ინფორმაციის წარუდგენლობა ან/და წარდგენის მნიშვნელოვანი დაგვიანება;

თ) თაღლითობა მსესხებლის ბიზნესში, რომელიც გავლენას ახდენს მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულ მომსახურებაზე;

ი) მსესხებლის მიერ ვალდებულების მომსახურებაზე უარის თქმა, გადახდიუუნარობის საქმისწარმოების დაწყება;

კ) ხელშეკრულების პირობების (მათ შორის, „კოვენანტების“) დარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კომერციული ბანკის მიერ მსესხებლის ვალდებულებების, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შესრულების მოთხოვნა.

5. გრანულარული ფინანსური ინსტრუმენტების შემთხვევაში, თუ გაუფასურების აღიარება ეფუძნება მხოლოდ ვადაგადაცილებულ დღეებს, შესაძლოა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა განსხვავდებოდეს პროდუქტის სახეების მიხედვით. (მაგალითად, საკრედიტო ბარათების ან განვადებებისათვის 90 დღეზე უფრო ნაკლები ვადაგადაცილება შეიძლება იყოს ფინანსური ინსტრუმენტის გაუფასურების ინდიკატორი).

6. მე-3 დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში არსებულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალები უნდა შეფასდეს არსებობის მანძილზე მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მეთოდით.

7. კომერციულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი ან მისი ნაწილი ჩამოწეროს, როდესაც არ არსებობს მისი გადახდის გონივრული მოლოდინი. ფინანსური ინსტრუმენტი უნდა ჩამოიწეროს, თუ:

ა) სამართლებრივად არ არის აღსრულებადი თანხის (ან მისი ნაწილის) ანაზღაურება, მათ შორის, უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაციის ან დასაკუთრების გზით,  მსესხებლისგან ან ნებისმიერი მესამე მხარისგან;

ბ) სამართლებრივად შესაძლებელია თანხის ანაზღაურება მსესხებლისგან ან მესამე მხარისგან, მაგრამ აღნიშნულის ალბათობა ძალიან მცირეა.

8. კომერციულ ბანკს შეუძლია შეიმუშაოს გაუფასურებული ფინანსური აქტივების ჩამოწერის პოლიტიკა ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს მსესხებლის, პროდუქტის და უზრუნველყოფის ფაქტორებს. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის კრიტიკულობის განსაზღვრა კომერციულმა ბანკმა უნდა დაასაბუთოს სტატისტიკური მონაცემებისა და ემპირიული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე.

9. თუ კომერციულ ბანკს არ აქვს ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით ჩამოწერის პოლიტიკა შემუშავებული, მაშინ ფინანსური ინსტრუმენტი უნდა ჩამოიწეროს, თუ კმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) არაუზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტის არაუზრუნველყოფილი ნაწილი ვადაგადაცილებულია 360 დღეზე მეტი პერიოდით;

ბ) სრულად უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტის უზრუნველყოფილი ნაწილი ვადაგადაცილებულია 720 დღეზე მეტი პერიოდი