1.     ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფინანსური ინსტრუმენტი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი (ბასს) 32-ის მიხედვით განსაზღვრული ფინანსური ინსტრუმენტები;

ბ) მაღალი საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტი – პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პოტენციურად სუსტი ფინანსური ინსტრუმენტი, როდესაც მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა და გადახდის უნარი არ არის სტაბილური. ფინანსური ინსტრუმენტის გაცემისთანავე არსებობს ისეთი ნაკლოვანებები და ნეგატიური ტენდენციები, რომლის შესაძლო მატერიალიზების შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს ეჭვი მსესხებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მაღალი საკრედიტო რისკის მქონე ფინანსური ინსტრუმენტი ხვდება პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიაში, მხოლოდ იმის გამო, რომ ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტი თავდაპირველი აღიარების დროს არ არის გაუფასურებული, ან არ მომხდარა საკრედიტო რისკის მნიშვნელოვანი ზრდა ფასს-ის მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტის თავდაპირველი აღიარების შემდგომ;

გ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ფასს 9-ის მიხედვით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, რომლის მეშვეობით ზუსტად დისკონტირდება მომავალში, ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი ვადის განმავლობაში, გადასახდელი ან მისაღები ფულადი ნაკადები;

დ) ვადაგადაცილებული ფინანსური ინსტრუმენტი –  ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ძირითადი თანხის (მისი ნაწილის) ან დარიცხული პროცენტის თანხის გადახდა არ მომხდარა შეთანხმებული თარიღისათვის, რომელიც მოცემულია ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებულ შესაბამის დოკუმენტაციაში;

ე) რესტრუქტურიზებული ფინანსური ინსტრუმენტი – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური პრობლემებით. რესტრუქტურიზებულ ფინანსურ ინსტრუმენტს მიეკუთვნება ყველა ის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები შეცვლილია ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით:

ე.ა) შენატანის შემცირების მიზნით საპროცენტო განაკვეთის შემცირება ან დარიცხული პროცენტების მიღების უფლებაზე უარის თქმა;

ე.ბ) დარიცხული საპროცენტო შემოსავლების კაპიტალიზაცია;

ე.გ) ძირითადი თანხის ან პროცენტის დაფარვა (მათ შორის, რეფინანსირება), რაც არ არის მსესხებლის მიერ გადახდის შედეგი, მათ შორის, ისეთი შემთხვევები, როდესაც მსესხებელმა დაფარა პროცენტები ან ძირითადი თანხა თავისი, სხვა ან ურთიერთდაკავშირებული ჯგუფის სხვა წევრების მიერ აღებული ფინანსური ინსტრუმენტებით;

ე.დ) დაფარვის ვადის გაგრძელება;

ე.ე) საშეღავათო პერიოდის დაწესება (გარდა სეზონური ტიპის ბიზნესის შემთხვევაში);

ე.ვ) კომერციული ბანკის მიერ მსესხებლისათვის მინიჭებული ნებისმიერი სხვა უფლება ან პრივილეგია, რაც ნორმალურ პირობებში არ მოხდებოდა.

ვ) რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტი – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. მსესხებელი, რეფინანსირების მომენტისათვის სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური პრობლემებით ან ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. ფინანსური ინსტრუმენტის რეფინანსირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირებიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი. ასეთი სახის რეფინანსირებას, მათ შორის, მიეკუთვნება:

ვ.ა) კონკურენციის გამო საპროცენტო განაკვეთების შემცირება;

ვ.ბ) საბრუნავი საშუალებების დაფინანსებისთვის გაცემული ფინანსური ინსტრუმენტის განახლება;

ვ.გ) არსებული ფინანსური ინსტრუმენტების გაერთიანება;

ვ.დ) გადაფარვა მსესხებლის დამატებით დაფინანსებისას, მათ შორის, როდესაც ხდება დავალიანების ზრდა ახალი პროექტების დაფინანსების მიზნით და სხვა.

ზ) საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტი  – ახალი ან არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომლითაც განხორციელდა არსებული ფინანსური ინსტრუმენტის გადაფარვა ან დაფარვის პირობების ცვლილება, რაზეც არსებობს შეთანხმება კომერციულ ბანკსა და მსესხებელს შორის. აღნიშნული განპირობებულია მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც არ წარმოადგენს საკრედიტო რისკის კატეგორიის გაუარესების მაპროვოცირებელ ფაქტორს. მსესხებელი, საყურადღებო მოდიფიკაციის მომენტისათვის, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირველი დონის საკრედიტო რისკის კატეგორიის პირობებს. ფინანსური ინსტრუმენტის საყურადღებოდ მოდიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტების კლასიფიკაციიდან ამოღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საყურადღებო მოდიფიკაციიდან გასულია ერთ წელზე მეტი პერიოდი;

თ) სრულად უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის დროული და სრული გადახდის უზრუნველსაყოფად კომერციული ბანკის სასარგებლოდ გირავნობით ან იპოთეკით დატვირთულია აქტივი, რომლის საერთაშორისო შეფასების სტანდარტით (IVS) განსაზღვრული საბაზრო ღირებულება ტოლია ან აღემატება ფინანსური ინსტრუმენტის გადაუხდელ თანხას;

ი) ნაწილობრივ უზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის უზრუნველსაყოფად გირავნობით ან იპოთეკით დატვირთული აქტივის საერთაშორისო შეფასების სტანდარტით (IVS) განსაზღვრული საბაზრო ღირებულება ფინანსური ინსტრუმენტის გადაუხდელ თანხაზე ნაკლებია;

კ) არაუზრუნველყოფილი ფინანსური ინსტრუმენტი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი გირავნობით ან იპოთეკით დატვირთული აქტივით, ან უზრუნველყოფის საშუალების არსებობის შემთხვევაში, მას არ გააჩნია ღირებულება, ან/და ღირებულების მიუხედავად იგი კომერციული ბანკის შეფასებით, არ არის აღსრულებადი, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი რეგისტრაციით ან სხვა მიზეზებით;

ლ) მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი –კომერციული ბანკის საკრედიტო ზარალის საშუალო შეწონილი სიდიდე, სადაც წონებად გამოიყენება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის რისკები;

მ) ბიზნესმსესხებლების სესხის მომსახურების კოეფიციენტი (DSCR) – ბიზნესმსესხებლის უნარი მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებს, რომელიც გამოითვლება ფორმულით:

ნ) პროცენტის დაფარვის კოეფიციენტი (ICR) – მსესხებლის უნარი მოემსახუროს საკუთარ ვალდებულებებზე დარიცხულ საპროცენტო ხარჯს, რომელიც გამოითვლება ფორმულით:

ო) საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე (EBITDA) – საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე და საწარმოს განგრძობითი საქმიანობისათვის საჭირო კაპიტალური ხარჯების გათვალისწინებით. აღნიშნული მაჩვენებელი, ასევე, არ უნდა მოიცავდეს ერთჯერად და არაძირითადი ბიზნესსაქმიანობით წარმოშობილ შემოსავლებსა და ხარჯებს;

პ) საოპერაციო მოგება მოგების გადასახადის და დარიცხული პროცენტების გადახდამდე (EBIT) – საოპერაციო მოგება მოგების გადასახადის და დარიცხული პროცენტების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინებით;

ჟ) შენატანი (PMT) – სასესხო ტიპის საბალანსო და გარესაბალანსო ვალდებულებების (პროცენტისა და ძირის) გადახდისათვის საჭირო შენატანები;

რ) საცალო მსესხებლების სესხის მომსახურების კოეფიციენტი (შემდგომში – PTI) – სესხის მომსახურების კოეფიციენტი საცალო მიზნობრიობით გაცემული სესხებისათვის. ამ წესის მიზნებისთვის, ამ კოეფიციენტის გამოთვლა უნდა განხორციელდეს ფინანსური ინსტრუმენტების მაქსიმალური ვადიანობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად;

ს) დეტალური საპროგნოზო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გასაანგარიშებლად გამოიყენება საპროგნოზო ინფორმაცია (ჩვეულებრივ, სამი წელი);

ტ) შორეული საპროგნოზო პერიოდი – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გასაანგარიშებლად არ გამოიყენება საპროგნოზო ინფორმაცია;

უ) შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI)  – ფასს 9-ის მიხედვით განსაზღვრული შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტები;

ფ) მონაცემების შეზღუდულობა –  მსესხებლების რაოდენობის ან/და დროითი დაფარვის სიმცირით გამოწვეული მონაცემთა დეფიციტი, რომლის გამოც შეუძლებელია ინდივიდუალურ დონეზე მდგრადი მოდელის აგება;

ქ) განმეორებადი საკრედიტო რისკის ფაქტორები – ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საპროგნოზო ეკონომიკურ სცენარებში (მათ შორის, საბინაო ფასების ინდექსები, ისეთი საქონლის ფასები, როგორიცაა ნავთობი, ოქრო და ა.შ.);

ღ) არაგანმეორებადი ფაქტორები – არაპროგნოზირებადი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება საპროგნოზო ეკონომიკურ სცენარებში არ ხდება;

ყ) თანმიმდევრული, დემონსტრაციული გადახდა – გადახდა, რომელიც არ ითვალისწინებს საბაზრო პირობებიდან განსხვავებულ რაიმე სახის შემსუბუქების პირობას, მათ შორის, საშეღავათო პერიოდს პროცენტთან ან ძირ თანხასთან დაკავშირებით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს ფასს-ის მიხედვითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობებ