1. ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია, ფინანსურ ანგარიშგებაში კომერციული ბანკის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ზუსტი, სრული და მიმდინარე ინფორმაციის ასახვა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი 9-ის (შემდგომში – ფასს 9) მიხედვით ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალისა და ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის კომერციული ბანკის მომავალი ფულადი ნაკადების თანხების, დროისა და მოსალოდნელობის შესაფასებლად.
2. ამ წესის შესრულება ხელს შეუწყობს კომერციული ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობის დადგენას და გამჟღავნებას კომერციული ბანკის დეპოზიტარების, აქციონერების, პოტენციური ინვესტორების, საქართველოს ეროვნული ბანკისა (შემდგომში – ეროვნული ბანკი) თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. ფინანსურ მდგომარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ძირითადი კომპონენტია ფინანსური ინსტრუმენტების ასახვა რისკის გათვალისწინებით და მათი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ადეკვატური მოცულობის შექმნა კომერციული ბანკის მიერ.
3. ეს წესი ვრცელდება ყველა იმ ფინანსურ აქტივზე, რომელთა მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ფორმირება გათვალისწინებულია ფასს 9-ის შესაბამისად. ფასს 9 საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს გამოიყენონ პრინციპებზე დაფუძნებული დაშვებები მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მიზნით.
4. კომერციულმა ბანკმა ფინანსური აქტივის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი უნდა შექმნას ფასს 9-ისა და ამ წესის მიხედვით, როდესაც წესი აკონკრეტებს/არეგულირებს ცალკეულ საკითხებს ფასს 9-ის მიზნებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად კომერციულმა ბანკმა უნდა შეიმუშავოს ფინანსური ინსტრუმენტების მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასების მეთოდოლოგია ამ წესთან შესაბამისობით, რაც ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების სამართლიან შეფასებას როგორც ინდივიდუალურ, ასევე, პორტფელურ დონეზე.
5. კომერციულმა ბანკმა უნდა დაიცვას ამ წესის და ფასს 9 მითითებები, ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ორგანიზაციის ზომას და კომპლექსურობას, ასევე, საქმიანობისა და პორტფელის ხასიათს, მოცულობასა და სირთულეს. პროპორციული მიდგომების გამოყენებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის მაღალხარისხიან შეფასებას.
6. ამ წესისა და ფასს 9-ის მოთხოვნების შესრულებისთვის გამოყენებული მიდგომები შეიძლება განსხვავდებოდეს კომერციულ ბანკებში, მათ შორის, მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაზომვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკა ან მოდელი.
7. თუ კომერციული ბანკის შეფასებით, ამ წესის რომელიმე მოთხოვნის შეუსრულებლობა თავის მხრივ არ იწვევს ფასს 9-ით დაწესებული მოთხოვნების დარღვევას, კომერციულ ბანკს აქვს უფლება დაითვალოს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალი ამ წესისაგან განსხვავებული მიდგომით აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში, კომერციული ბანკი ვალდებულია წერილობით აცნობოს ეროვნულ ბანკს და მიუთითოს:
ა) წესის რომელი მოთხოვნა/მოთხოვნები არ შეასრულა კომერციულმა ბანკმა;
ბ) რა პერიოდის განმავლობაში აქვს ადგილი წესის აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობას;
გ) კომერციული ბანკის დასაბუთება, თუ რა მიზეზით არ შესრულდა წესის მოთხოვნები;
დ) კომერციული ბანკის მიერ შემუშავებული მიდგომა და დასაბუთება, თუ რატომ ასახავს კომერციული ბანკის მიდგომა მოსალოდნელ საკრედიტო ზარალს ამ წესით განსაზღვრულისგან ხარისხობრივად უფრო უკეთესად.
8. ეროვნულმა ბანკმა უნდა განიხილოს კომერციული ბანკის წერილობითი განმარტება, მისი წარდგენიდან 1 თვის განმავლობაში და დაადასტუროს ან უარყოს წესის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული არგუმენტები.
9. თუ ეროვნული ბანკი არ დაეთანხმება წარდგენილ დასაბუთებას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს კომერციულ ბანკს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ამ წესის მიხედვით სრულად გადათვლა და გამოვლენილი სხვაობის ასახვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 18 დეკემბრის N176/04 ბრძანებით დამტკიცებული „პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესით“ განსაზღვრულ საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერში.
10. კომერციული ბანკი ვალდებულია აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ამ წესისგან განსხვავებული მიდგომის გამოყენების შემთხვევაში, გამოაქვეყნოს რეკონსილაცია კაპიტალის ადეკვატურობის განმარტებით შენიშვნაში. რეკონსილაცია უნდა მოიცავდეს სულ მცირე ამ წესსა და ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის შემუშავებულ მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის ფორმირების მიდგომებს შორის სხვაობების კაპიტალის ადეკვატურობაზე ეფექტის გამჟღავნებას.
11. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ კომერციულ ბანკს ჰქონდეს საკრედიტო რისკის მართვის პოლიტიკა/პროცედურები, მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის დროული აღიარების გამართული ჩარჩო და მოდელები, და ასევე, ეფექტური შიდა კონტროლის სისტემა. კომერციული ბანკის მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების მეთოდოლოგია მკაფიოდ უნდა ასახავდეს მნიშვნელოვან განმარტებებს და მიდგომებს, რომლებიც დაკავშირებულია საკრედიტო რისკის შეფასებასთან და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის გაზომვასთან, მათ შორის, გაუფასურების მოვლენები, საკრედიტო რისკის კატეგორიის მიკუთვნება, მიგრაციის მაჩვენებლები და სხვა