1. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიცირება (შემდგომში – სერტიფიცირება) არის პროცესი, რომლის შედეგად დგინდება საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საშუამავლო კომპანიის (შემდგომში – საშუამავლო კომპანია) შესაბამისობა კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებსა და კრიტერიუმებთან.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი (შემდგომში – სერტიფიკატი) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მფლობელი საშუამავლო კომპანია აკმაყოფილებს აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად დადგენილ პირობებსა და კრიტერიუმებს.

3. საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ საშუამავლო კომპანიის მიერ, რომელიც ფლობს შესაბამის სერტიფიკატს.

4. სერტიფიკატი გაიცემა კონკრეტულ საშუამავლო კომპანიაზე. დაუშვებელია სერტიფიკატის სხვა იურიდიულ ან/და ფიზიკურ პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა.

5. სერტიფიცირების აუცილებელი წინაპირობაა საშუამავლო კომპანიის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში – რეგისტრირებული „დასაქმების სააგენტოების საქმიანობები“, კოდით 78.10.