1. წყალსარგებლობის განრიგი საჭიროებს მხარეთა შორის ყოველწლიურ შეთანხმებას.
2. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი უნდა მოიცავდეს მიმდინარე კალენდარულ წელს. ამასთან, მომხმარებელმა შეიძლება მოითხოვოს მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ პერიოდზე წყალმომარაგება.
3. წყალსარგებლობის განრიგში, მიწოდების წერტილზე წყლის მიწოდების პერიოდის გარდა, ასევე უნდა იყოს მოცემული მიწოდების წერტილის ნომერი, მომხმარებელი და წყლის მოხმარების მიზნობრიობა, ხოლო პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში – საირიგაციო მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო კულტურა და გამოყენებული მორწყვის მეთოდი.
4. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი შესაძლოა შეიცვალოს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, ასევე ცალმხრივად (ამ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში).
5. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეცვლა დასაშვებია, თუ ცვლილება არ გამოიწვევს სხვა მომხმარებელთა პირობების დამძიმებას და გაუარესებას. ამასთან, წყალსარგებლობის განრიგის შეცვლის შესახებ მოთხოვნაზე უარის საფუძველი შესაძლოა იყოს საირიგაციო სისტემაში მოთხოვნილ პერიოდზე შესაბამისი მოცულობის თავისუფალი წყლის არარსებობა ან მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობა საირიგაციო სისტემის ან მიწოდების წერტილის ტექნიკური თავისებურებებიდან გამომდინარე.
6. წყალსარგებლობის განრიგით შეთანხმებული წყლის მოცულობა ათვისებულ უნდა იქნეს, ამავე განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში.
7. მომხმარებელს, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლის მიწოდებაზე უარის თქმა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება ცალმხრივად შეუძლია აღნიშნულის შესახებ მიმწოდებლის ერთი თვით ადრე წერილობით შეტყობინების შემთხვევაში. ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს ასევე ცალმხრივად მოითხოვოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ცვლილება:
ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის ან დებიტის ცვლილების შესახებ, 10 კალენდარული დღით ადრე მაინც წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში;
ბ) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში წყლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე გადატანა – ამ ფაქტის დადგომიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, მიუწოდებელი წყლის სხვა პერიოდზე გადატანის წერილობით მოთხოვნის შემთხვევაში.
8. მიმწოდებელს უფლება აქვს წყალმომარაგების პერიოდში გეგმური წყვეტის შედეგად გამოწვეული წყლის დანაკლისი მომხმარებელს შეუვსოს, შესაბამის პერიოდში წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული წყლით მომარაგების პერიოდის გახანგრძლივებით.
9. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეცვლის შესახებ მოთხოვნაზე, მიმწოდებელი ვალდებულია 3 სამუშაო დღეში მოკლე შეტყობინებით დაუდასტუროს მომხმარებელს განრიგის შეცვლის შესახებ (ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში), ხოლო უარის შემთხვევაში ასევე უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული პასუხი (წერილობით ან ელექტრონულად).
10. იმ შემთხვევაში, თუ გარანტირებული მოცულობის ცვლილების შედეგად, საირიგაციო სისტემაში გამოთავისუფლდა წყლის რესურსი, აღნიშნული რესურსი მიმწოდებლის მიერ შესაძლოა ათვისებულ იქნეს იმავე წესით, როგორც ეს განსაზღვრულია გარანტირებული წყლის მოცულობაზე შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.
11. გარანტირებული მოცულობის აუთვისებლობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელმა შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ წყლის მიწოდებაზე უარი თქვა, ან წყლის მიწოდების მოცულობის შემცირება მოითხოვა ამ მუხლის მე-7 პუნქტში მოცემული ვადების დარღვევით, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს გადაუხადოს აუთვისებელი წყლის მიწოდების ღირებულების 10%. აუთვისებელი წყლის მოცულობა დგინდება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით მომხმარებლის მიერ წყლის ფაქტობრივად მიღების, ასევე აღრიცხვის კვანძის მონაცემების გათვალისწინებით, ხოლო აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარების შემთხვევაში, წესების 33-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
12. შესაბამის წყალსარგებლობის განრიგზე მიმწოდებელთან წინასწარ წერილობით შეთანხმების შემთხვევაში, გაუმრიცხველიანებელმა პროფილურმა მომხმარებელმა ამ შეთანხმების შესაბამისად შესაძლოა მოიხმაროს მორწყვის განსაზღვრულ ნორმაზე მეტი წყალი, შემდეგი პირობების დაცვით:
ა) მორწყვის ნორმაზე მეტი მოცულობის განსაზღვრა ხდება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის გათვალისწინებით და ამ მოცულობაზე მომხმარებელს საფასური დაერიცხება ამ წესების 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული მოხმარების შემთხვევაში);
ბ) წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებაში, მორწყვის ნორმაზე მეტი წყლის მიწოდება გამოყოფილი უნდა იყოს წყლის მიწოდების სხვა რეჟიმისგან;
გ) მორწყვის ნორმაზე მეტი წყლის მოცულობა წარმოადგენს სავარაუდო მისაწოდებელ წყლის მოცულობას (მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმებული მოხმარების შემთხვევაში) და შესაძლოა მომხმარებელს მიეწოდოს, თუ ამ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით წყლის მიწოდება არ გააუარესებს სხვა მომხმარებელთა წყალმომარაგების პირობას – მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეაჩეროს წყლის მიწოდება ასეთი ფაქტის დაფიქსირებისთანავე.