1. შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადებას ახდენს მიმწოდებელი, დეფიციტის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებით. აღნიშნული ინფორმაცია მიმწოდებლის მიერ უნდა გაცხადდეს საჯაროდ და მომხმარებლებს გაეგზავნოთ გამოცხადებული დეფიციტის კატეგორიის, მისი მოკლე განმარტებისა და გამომწვევი მიზეზების მითითებით ტექსტური შეტყობინება.
2. მიმწოდებლის მიერ საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, გამოცხადებული დეფიციტის კატეგორიის, მისი განმარტებისა და გამომწვევი შესაბამისი მიზეზების მითითებით დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს კომისიას.
3. შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტის გამოცხადების შემთხვევაში, ჩერდება პროფილური და არაპროფილური მომხმარებლების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესრულების პირობა და არსებული წყლის რესურსი მთლიანად უნდა წარიმართოს პროფილური მომხმარებლების მომარაგების მიზნით (დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად).
4. მიმწოდებელი ვალდებულია დეფიციტის გამოცხადებასთან ერთად საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმი, წყლის მიწოდების არეალების გათვალისწინებით.
5. დეფიციტის პირობებში საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმი უნდა შემუშავდეს, მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული დეფიციტის პერიოდში არსებული რესურსის განაწილების პრინციპისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისი არეალების მიხედვით. მისი შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
ა) პროფილურ მომხმარებელთან არსებული წყალსარგებლობის განრიგი (სადაც პროფილურ მომხმარებლებს შორის უპირატესობა ენიჭება მრავალწლიანი კულტურის ირიგაციას); ასევე,ბ) პროფილურ მომხმარებელთა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის შემდეგ, არაპროფილურ მომხმარებელთა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების რეჟიმი ისე უნდა განისაზღვროს და შესრულდეს, რომ დაცულ იქნეს წყლის თანაბარწილად განაწილების სამართლიანობის პრინციპი.
6. დეფიციტის დროს დაუშვებელია საირიგაციო მიწის ჰექტარზე განსაზღვრული ნორმაზე მეტი წყლით მომარაგება და ის ყველა პროფილურ მომხმარებელთან უნდა შემცირდეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, საირიგაციო სისტემაში წყლის არსებული რესურსის შესაბამისად – აღნიშნული პრინციპი გათვალისწინებული უნდა იქნეს მიმწოდებლის მიერ, დეფიციტის დროს პროფილურ მომხმარებელთა წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრისას.
7. დეფიციტის პირობებში, საირიგაციო სისტემაში წყალი უნდა განაწილდეს მიმწოდებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალებში, სამი კატეგორიის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად. კერძოდ:
ა) პირველი კატეგორიის დეფიციტის პირობებში, წყლის მიწოდება შეეზღუდება მხოლოდ არაპროფილურ მომხმარებლებს, ხოლო პროფილური მომხმარებლების მომარაგება გაგრძელდება წყალსარგებლობის განრიგის დაცვით;
ბ) მეორე კატეგორიის დეფიციტის პირობებში, როდესაც შეუძლებელია პროფილური მომხმარებლებისთვის წყალსარგებლობის განრიგით მოთხოვნილი წყლის სრული მოცულობით მიწოდება, წყალი უნდა მიეწოდოს მხოლოდ პროფილურ მომხმარებლებს, შესაბამის არეალში გამოცხადებული რეჟიმის გათვალისწინებით, ხოლო მათთვის წყლის აუცილებელი მოცულობის მიწოდების შემდეგ – სხვა მომხმარებლებს (საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლების გათვალისწინებით);
გ) მესამე კატეგორიის დეფიციტის პირობებში, როდესაც წყალი მიეწოდება მეორე კატეგორიის დეფიციტის პირობებში წინასწარ განსაზღვრული საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების დაფარვის არეალის 60%-ზე ნაკლებს, წყალი უნდა მიეწოდოს მხოლოდ მესამე კატეგორიის არეალში არსებულ იმ პროფილურ მომხმარებელს, რომელიც ახორციელებს მრავალწლიანი კულტურის ირიგაციას, ხოლო მათთვის წყლის აუცილებელი მოცულობის მიწოდების შემდეგ – სხვა პროფილურ მომხმარებლებს (საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლების გათვალისწინებით).
8. მიმწოდებლის მიერ შესაბამის საირიგაციო სისტემაში დეფიციტი უნდა გამოცხადდეს:
ა) თუ არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;
ბ) საირიგაციო სისტემაში, შესაბამის პერიოდზე წყლის ფაქტობრივი წარმადობა, აშკარად ნაკლებია, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ მისაწოდებელ წყლის მოცულობებზე.
9. დეფიციტის დროს, წყლით მომარაგების რეჟიმები, შესაბამის საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების არეალების მითითებით უნდა იყოს საჯარო, გამოქვეყნდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, მიმწოდებლის ვებგვერდზე). წყლის რეჟიმული მართვის და საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის ცვლილების შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა განახლდეს დაუყოვნებლივ, ასევე დაეგზავნოს შესაბამის მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით.
10. საირიგაციო სისტემაში დეფიციტური მდგომარეობის ამოქმედების და მისი მოქმედების პერიოდში მომხმარებელთა შეტყობინების წესი მოცემულია წესების მე-11 მუხლში, კერძოდ მე-7 და მე-8 პუნქტებში.