1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის დარიცხვა ხორციელდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემთხვევაში, მხოლოდ ამ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ჩვენებაზე დაყრდნობით;

2. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის მოწყობამდე მოხმარებული წყლის საფასური დაერიცხება ყოველ მორწყვის ოპერაციაზე, სარწყავი ფართის მიხედვით.

3. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლის მიერ, ჰექტარზე მორწყვის ოპერაციისთვის წინასწარ განსაზღვრული წყლის მოცულობის ათვისება უნდა მოხდეს მორწყვის ოპერაციისას, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის მორწყვის ოპერაციისას, აუთვისებელი წყლის მოცულობა არ გადადის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებულ შემდეგ პერიოდზე. გაუმრიცხველიანებელი პროფილური მომხმარებლის მიერ წყალსარგებლობის შეთანხმებული განრიგის დარღვევით მოხმარება (გარდა წინასწარ განსაზღვრული წყლის მოცულობის აუთვისებლობისა) წარმოადგენს წყლის უკანონო მოხმარებას და რეგულირდება წესების 34-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

4. როდესაც პროფილური მომხმარებლის მიერ (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა) ადგილი აქვს სისტემატურად და ორგანიზებულად წყლის მოხმარებას ერთდროულად მიწის ირიგაციისთვის და სხვა არასაირიგაციო მიზნისთვის (ადგილი აქვს შერეულ მოხმარებას), ასეთ შემთხვევაში საირიგაციო და არასაირიგაციო მიზნით მოხმარებული წყლის მოცულობა უნდა აღირიცხოს განცალკევებულად. ამასთან, შესაძლებელია მიწოდების წერტილის შემდეგ მოეწყოს საკონტროლო მრიცხველები, რა შემთხვევაშიც, მოხმარებული წყლის საფასური სარწყავი ფართის მიხედვით დაერიცხება მხოლოდ საირიგაციო მიზნით მოხმარებული წყლის ოდენობას, სადაც ანგარიშსწორება უნდა მოხდეს მიწოდების წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით (საანგარიშსწორებო მრიცხველით), ხოლო საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვემრიცხველებზე აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, მათ შორის გადანაწილდეს პროპორციულად.

5. დასახლებულ ზონაზე არსებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის საირიგაციო და არასაირიგაციო მიზნით მოხმარების გამიჯვნა არ არის სავალდებულო. ამასთან წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, მიწოდების წერტილზე ინდივიდუალურად მიერთებულ მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობით.

6. პროფილურ მომხმარებელს აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში.

7. არაპროფილური მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.

8. დასახლებულ პუნქტებში არსებულ მომხმარებელს (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს):

ა) აღრიცხვის კვანძის გარეშე მოხმარებული წყლის საფასური უნდა დაერიცხოს მორწყვის ოპერაციის ან მუდმივი მიწოდების რეჟიმით, შესაბამისად:

ა.ა) მორწყვის ოპერაციის რეჟიმით დარიცხვის შემთხვევაში – წყლის მიწოდების რეჟიმით გათვალისწინებული მორწყვის ოპერაციის დასრულებიდან ერთი კვირის ვადაში;

ა.ბ) წყლის მუდმივად მიწოდების რეჟიმით დარიცხვის შემთხვევაში – ყოველთვიურად, წყლის მიწოდების თვის დასრულებისთანავე, მორწყვის ოპერაციაზე დადგენილი საფასურის ოდენობით;

ბ) მოხმარების აღრიცხვის შემთხვევაში მოხმარებული წყლის აღრიცხვა და საფასურის დარიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, წყლის მიწოდების თვის დასრულებისთანავე;

9. გაუმრიცხველიანებელ მომხმარებელს (ან მომხმარებლებს), რომელსაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, 24 საათზე მეტი ხნით არ მიეწოდათ წყალი, შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგით გათვალისწინებული რეჟიმით (მათ შორის, არ მიეწოდა წყალი შესაბამის პერიოდში, შესაბამისი დებიტით) და ვერ მოხდა მიუწოდებელი წყლის დანაკლისის შევსება ამ წესების 45-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის საფასურს გამოაკლდება ფაქტობრივად მიუწოდებელი წყლის ის ღირებულება, რომელიც გამოითვლება შესაბამის მომსახურებაზე გადასახდელი თანხიდან (მორწყვის ოპერაციაზე, მისაწოდებელი წყლის ღირებულებას გამოკლებული ფაქტობრივად მიუწოდებელი წყლის ღირებულება).

10. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შეუსრულებლობას (წყლის მიუწოდებლობის ფაქტს) ადგენს და აღრიცხავს მიმწოდებელი. იგი ვალდებულია ამ ფაქტის დაფიქსირებისთანავე აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით. ამასთან, წყლის მიუწოდებლობის ფაქტი შესაძლებელია დაზუსტდეს მომხმარებლის მოთხოვნითაც, ამ ფაქტის დადგომიდან 10 კალენდარულ დღეში.

11. მომხმარებლის წყალსარგებლობის განრიგით წყლის მომარაგების პირობა შესრულებულად ითვლება, თუ მიმწოდებლის ან მომხმარებლის მიერ წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით სხვა გარემოება არ ფიქსირდება, მათ შორის, თუ წყლის მიუწოდებლობის ფაქტი მომხმარებლის მიერ არ დაფიქსირდა, წყლით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

12. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორების ქვითარში განცალკევებულად ასახოს ის დავალიანება, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. დაუშვებელია, მომხმარებლის პირდაპირი მითითების გარეშე, მიმწოდებლისთვის გადახდილი თანხის მიმართვა იმ დავალიანების დასაფარად, რომლის წარმოშობის მომენტიდან გასულია 3 წელზე მეტი და რომელიც მომხმარებელს პირდაპირი წერილობითი ფორმით არ უღიარებია ან/და არ არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება ამ დავალიანების გადანაწილებაზე. ასეთ შემთხვევაში ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას.

13. მიმწოდებელს მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის უფლება აქვს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირის მიერ, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, შესაბამის აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის შემთხვევაში (დასახლებულ პუნქტებში არსებული მომხმარებლების გარდა) – მომხმარებლად რეგისტრაციის ეტაპზე ან წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმებასთან ერთად;

ბ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში.

14.  მიმწოდებლის მიერ წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, წინსწრებით გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს წყალსარგებლობის განრიგით, წყალმომარაგების პერიოდში, მოხმარებული წყლის საფასურის საშუალო თვიური ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა, ხოლო საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში, არანაკლებ 15 ლარისა.

15. მომხმარებელი, რომელიც წესების შესაბამისად წინსწრებით იხდის წყლის საფასურს, წინსწრებით გადასახდელი თანხა, წინასწარ სრულად უნდა გადაიხადოს (შეავსოს) წყალმომარაგების დაწყებამდე. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს წინსწრებით გადასახდელი თანხის სრულად გადახდა ან შევსება, როდესაც წინსწრებით გადახდილი თანხა სრულად ვერ დაფარავს მომდევნო წყალმომარაგების ოპერაციის ღირებულებას.

16. მიმწოდებელს მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, უფლება არ აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს დეპოზიტის გადახდა.

17. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს, მიმწოდებელთან შეთანხმებით წინასწარ გადაიხადოს მოხმარებული წყლის საფასური.

18. მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა გათვალისწინებული იქნება მომდევნო ანგარიშსწორებისას, ხოლო დაკლებული თანხა უნდა აუნაზღაურდეს მიმწოდებელს.

19. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობის გარეშ