1. მიმწოდებელი ვალდებულია ფლობდეს საირიგაციო სისტემას და მის შემადგენელ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს და სხვა სახის მოწყობილობებს მიწოდების წერტილის ჩათვლით.

2. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემის ოპერატიული მართვა განახორციელოს:

ა) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების დაცვით და წყლის მიწოდების რეჟიმის გათვალისწინებით მომხმარებლების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით;

ბ) ისე, რომ წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყოს მომარაგების საიმედოობა და შემცირებული იყოს წყალმომარაგების წყვეტების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე;

გ) ეფექტიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით.

3. საირიგაციო სისტემის უსაფრთხოების და საიმედოობის შენარჩუნების, მისი ეფექტიანად ოპერირების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) პერიოდულად განსაზღვროს საირიგაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობა დისტანციური დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ან/და საირიგაციო სისტემის ადგილზე შემოწმების გზით;

ბ) განსაზღვროს საექსპლუატაციო ღონისძიებები საირიგაციო სისტემის და მისი შემადგენელი ნაწილების შემოწმების საფუძველზე და გამოიყენოს საირიგაციო სისტემის მართვის საუკეთესო პრაქტიკა;

გ) უზრუნველყოს საირიგაციო სისტემის ექსპლუატაცია და განახლება მისი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლის ან მომსახურების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით;

დ) გამოიყენოს სენსორები, დისტანციური მართვის და აღრიცხვის სისტემები, მონაცემთა გადამცემი მოწყობილობები საირიგაციო სისტემის რეალურ დროში მონიტორინგისთვის;

ე) გამოიყენოს დისტანციური მართვის კრიტიკული მოწყობილობები, საირიგაციო სისტემის უსაფრთხოების მიზნით;

ვ) კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად დანერგოს და გამოიყენოს გაზომვის მოწყობილობები საირიგაციო სისტემაში წყლის ნაკადის უწყვეტ რეჟიმში გასაზომად;

ზ) შეიმუშაოს საწარმოო ნორმები, სტანდარტები და პროცედურები საირიგაციო სისტემის ზედამხედველობასთან, ექსპლუატაციასთან და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით. მათ შორის, შეიმუშაოს და დაამტკიცოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში ასამოქმედებლად;

თ) მოთხოვნის შემთხვევაში მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია საირიგაციო სისტემის მდებარეობის/განლაგების, ასევე მის სიახლოვეს სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ზომების შესახებ;

ი) დამატებითი წყაროების მოძიების, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების რესურსების უფრო მეტად ათვისების მიზნით, შეიმუშაოს და განახორციელოს მომარაგების საიმედოობის გაზრდის ღონისძიებები, წაახალისოს და მხარი დაუჭიროს, ასეთი იდეებისა და პროექტების შემსწავლელ მიმართულებებს.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საირიგაციო სისტემაში დაზიანების (მათ შორის, მისი შემადგენელი არხების და სხვა საშუალებების დაზიანების) დროული აღდგენა-რეაბილიტაცია.

5. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურებები, რომელიც საჭიროა საირიგაციო საქმიანობის ეფექტიანად გაწევისთვის და შეისყიდოს ეს მომსახურებები.

6. მიმწოდებლის (ან მისი დაქირავებული პირის) მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს აქვს უფლება აწარმოოს საოპერაციო, აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები.

7. საირიგაციო სისტემასთან სამუშაოების წარმოების დროს მიმწოდებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებელზე, დაკავშირებულ სისტემებზე და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის რისკი.

8. მიმწოდებელი ვალდებულია ჰყავდეს საავარიო ბრიგადები, საირიგაციო სისტემაზე ავარიების შემდეგ საირიგაციო სისტემის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უმოკლეს ვადებში აღდგენის, მომხმარებლებზე და მიერთებულ სისტემებზე ავარიების უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით. მიმწოდებელი ვალდებულია ავარიებზე აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

9. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს საირიგაციო სისტემის დეტალური ტექნიკური დოკუმენტები, რომელიც შეეხება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გეგმებს/გრაფიკებს, ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებს და უსაფრთხოების წესებს.

10. საირიგაციო სისტემის დაზიანების და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს საირიგაციო სისტემის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს სამუშაოების ზედამხედველობა.

11. მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს და დაამტკიცოს განსაკუთრებულ ღონისძიებათა გეგმები წყლის დეფიციტის დროს, განსხვავებულ კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებში, ასევე საირიგაციო სისტემაში, განსაკუთრებულ (ავარიულ) სიტუაციებში გასატარებელი ღონისძიებების პროცედურები. მიმწოდებელი ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს საცდელი შემოწმება ავარიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტიანობის და მისი გაუმჯობესების მიზნით.

თავი XIII. მიღებისა და მიწოდების წერტილე