1. მიმწოდებელი ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს ძირითად/მაგისტრალურ საირიგაციო ინფრასტრუქტურას, აგრეთვე ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და მიწოდების წერტილში წყლის მიწოდებას.

2. მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის ზღვარი გადის მიწოდების წერტილზე. მიმწოდებელს მომხმარებელთან მიმართებაში არ გააჩნია მიწოდების წერტილზე მომხმარებლის საირიგაციო სისტემის მოწყობისა და მოვლის ვალდებულება, მის მოწყობასა და სწორ ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. მიწოდების წერტილი განისაზღვრება, ამ წესების პირობების შესაბამისად მიმწოდებელსა და მოხმარებელს შორის, გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებით.

3. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს წყლის წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემის მიღებისა და მიწოდების წერტილების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. საირიგაციო სისტემაში არსებული მიღებისა და მიწოდების წერტილების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს წყალმომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, მიმწოდებელი დამოუკიდებელია მიწოდების წერტილების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს საირიგაციო სისტემიდან მომარაგებულ ობიექტთან მიმართებაში წყლით მომარაგების სქემისა და მიწოდების წერტილების, ასევე ამ ობიექტის სადრენაჟო სისტემის მიღების წერტილებისა და სქემის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია). ამასთან, მიწოდების წერტილის უფრო მაღალ მხარეს გადატანის/გაერთიანების შემთხვევაში, ეს ინფორმაცია უნდა ინახებოდეს ახალი მიწოდების წერტილის შესახებ ინფორმაციასთან ერთად.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემაში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე. წყალმომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემაში წყლის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის წყლით მომარაგებასთან, ასევე დრენაჟთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. წყალმომარაგების ერთიანი ბაზა, თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემისა და მიღების წერტილების რეესტრს.

5. წყლის მიწოდების წერტილს და სადრენაჟო სისტემის მიღების წერტილს აღრიცხვიანობის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს საირიგაციო სისტემის იმ გაცემის ან მიღების წერტილის იდენტიფიცირებას, საიდანაც ერთი კონკრეტული ობიექტი მარაგდება წყლით ან/და ხდება ჭარბი წყლის მოცილება (დრენაჟი). ასევე მიწოდების წერტილისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებულ-აღრიცხული მომარაგებული ობიექტის წყლით მომარაგებასთან და სადრენაჟო სისტემასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია, კერძოდ:

ა) უძრავი ქონების (ობიექტის) ან უძრავი ქონებების (ობიექტების) ჩამონათვალი, რომლის მომარაგებაც ან/და დრენაჟიც ხდება, ასევე, ამ უძრავი ქონებ(ებ)ის (ობიექტ(ებ)ის) მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში);

ბ) მომარაგებული უძრავი ქონების, საირიგაციო სისტემის და სადრენაჟო სისტემის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლობს ამ ობიექტზე წყლის მოხმარებით ან/და სადრენაჟო სისტემით, ასევე, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

დ) მომხმარებლის კატეგორია და მოხმარების მიზნობრიობა;

ე) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

ვ) მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის წყალმომარაგებას;

ზ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არააქტიური (თუ ობიექტზე წყლის მოხმარება არ ხდება ერთი წლის განმავლობაში);

თ) მიწოდების წერტილის ტექნიკური მახასიათებლები: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი არხის კვეთი, დახრა და სხვა მახასიათებლები;

ი) მიწოდების წერტილიდან წყალაღების პირობები, მათ შორის, დაშვებული მაქსიმალური საათობრივი მოხმარება (დაშვებული წარმადობა/დებიტი), ასევე საირიგაციოდ მომარაგებული მიწის ფართობი;

კ) და სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს საირიგაციო საქმიანობასთან.

6. როდესაც ერთი მიწის ფართობი ან მომხმარებლის კუთვნილი ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება ორი ან ორზე მეტი მიწოდების წერტილიდან, ამ მიწოდების წერტილებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული მიწოდების წერტილის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება მომხმარებლის, გადახდაზე პასუხისმგებელი პირის, ამ მიწოდების წერტილის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა-იდენტიფიცირება.

7. საირიგაციო სისტემის მიწოდების და მიღების წერტილისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების და სადრენაჟო სისტემის სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. საირიგაციო სისტემის მიწოდების და მიღების წერტილზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის, მრიცხველის, მიწოდების წერტილის/ობიექტის მისაერთებელი არხის კვეთის, მილის დიამეტრის ან/და მომხმარებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია.

8. მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემაში მიღებისა და მიწოდების წერტილების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მათი (წერტილების) ნომრის, მრიცხველების, მომხმარებლის და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაშ