1. მიმწოდებელსა და იმ მომხმარებელს შორის, რომელიც საირიგაციო სისტემის მეშვეობით აწარმოებს ელექტროენერგიას, უნდა გაფორმდეს მომსახურების ხელშეკრულება.
2. საირიგაციო სისტემის მეშვეობით მიმწოდებელი, ამ წესებისა და მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად (რომლის სტანდარტულ პირობები მტკიცდება კომისიის მიერ), უზრუნველყოფს მომხმარებლის ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის წყალმომარაგებას, ისე რომ ამ გენერაციის ობიექტის წყალმომარაგებამ არ უნდა გააუარესოს პროფილური მომხმარებლის მომარაგების პირობა ან შეუქმნას დეფიციტის საფრთხე პროფილურ მომხმარებლებს. გენერაციის ობიექტმა, რომელიც უშუალოდ საირიგაციო სისტემაში აბრუნებს წყალს, შესაძლებელია ისარგებლოს დეფიციტის შესაბამისი რეჟიმით მომარაგებული მომხმარებლისთვის მიწოდებული წყლით.
3. მომხმარებლისათვის წყლის მიწოდების მოცულობა დამოკიდებულია საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმზე, მიწოდების წერტილის ტექნიკური მახასიათებლებზე, მიწოდების წერტილიდან წყალაღების პირობებზე, ასევე საირიგაციო სისტემაში თავისუფალ, დაუკონტრაქტებელ წყლის მოცულობებზე, მათ შორის, მიმწოდებლის წყალგანაწილების კვანძში წყლის შემოდინების დებიტზე და მეტეოროლოგიურ პირობებზე. წყლის განაწილებისას (ათვისებისას) პრიორიტეტი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სამელიორაციო მომსახურებას.
4. მიმწოდებელი ვალდებულია, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტისთვის საირიგაციო სისტემაში არსებული წყლის მიწოდებისას, გაითვალისწინოს ამ წესების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები. ამასთან, ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის წყლის მიწოდებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ელექტროენერგიის გენერაციის იმ ობიექტს, რომელიც უფრო ადრე შევიდა ექსპლუატაციაში.
5. გენერაციის ობიექტებისთვის წყლის მიწოდების პერიოდები:
ა) არასაირიგაციო პერიოდს წარმოადგენს 01 ოქტომბრიდან 01 მაისამდე პერიოდი. აღნიშნული პერიოდი გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების უპირატესად წყლის მომარაგებისთვის ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს საირიგაციო სეზონისთვის მიწის მოსამზადებელი, წყლით მომარაგების საჭირო ოპერაციები;
ბ) საირიგაციო პერიოდს წარმოადგენს 01 მაისიდან 01 ოქტომბრამდე. მიმწოდებელი მომხმარებელს წყალს მიაწვდის იმ მოცულობით, რის საშუალებასაც იძლევა საირიგაციო სისტემა, კერძოდ წყალგანაწილების კვანძში არსებული წყლის დებიტი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით წყლის მოხმარების მოცულობა (წყლის ათვისებაზე წესების პირობების გათვალისწინებით).
6. ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს მისაწოდებელი წყლის მინიმალურ მოცულობას, რომელიც მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს ისე, რომ არ დაირღვეს წესებით განსაზღვრული პირობები.
7. თუ მომსახურების ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული:
ა) მომსახურების ხელშეკრულება წარმოადგენს უვადო ხელშეკრულებას;
ბ) მომხმარებლის კუთვნილი გენერაციის ობიექტის ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარების ნორმა განისაზღვრება ამ გენერაციის ობიექტის პროექტის შესაბამისად.
8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი (ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი) საირიგაციო სისტემიდან იღებს წყალს და ახორციელებს წყლის გარემოში ჩაშვებას (დაღვრას), მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დადებული მომსახურების ხელშეკრულება დამატებით უნდა ითვალისწინებდეს ტექნიკურ, საექსპლუატაციო და საოპერაციო მოქმედებებისთვის (მათ შორის, გენერაციის ობიექტის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან გამორთვის, ტექნიკური/კომერციული მიზნით ელექტროენერგიის გამომუშავების შეწყვეტის, გენერაციის ობიექტის და მისი დამხმარე საშუალებების რეცხვისთვის ან/და სხვა საექსპლუატაციო და ავარიული მოქმედებისთვის) წყლით მომარაგებისა და აღნიშნულ რეჟიმში მომარაგებულ წყალზე ანგარიშსწორების პირობას.
9. მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლით სარგებლობა-მოხმარება, როდესაც გენერაციის ობიექტი არ აწარმოებს ელექტროენერგიას, წინასწარ უნდა იყოს მიმწოდებელთან შეთანხმებული, გარდა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის ელექტროენერგეტიკული სისტემიდან ავარიულად ან ელექტროენერგიის სისტემის დისპეტჩერის მითითებით გამორთვის ან/და სხვა ავარიული და გადაუდებელი საექსპლუატაციო შემთხვევისა. ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია მიმწოდებელს აცნობოს აღნიშნული შემთხვევის დადგომის და დასრულების შესახებ, ამ მოქმედებების ზუსტი დროის, სარგებლობის პერიოდის და გამომწვევი მიზეზის მითითებით, ხოლო დასრულების შემთხვევაში, ასევე აცნობოს გამოყენებული – მოხმარებული წყლის მოცულობ