1. საირიგაციო სისტემასთან გენერაციის ობიექტის მიერთების მსურველმა „გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების შესახებ“ განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს. აღნიშნული განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. მიერთების მსურველის მიერ წარდგენილი „გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების 21-ე – 23-ე მუხლებით, თუ ამ მუხლით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
2. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების მსურველის (განმცხადებლის) ვინაობა/სახელწოდება, საიდენტიფიკაციო მონაცემები, წარმომადგენლის ვინაობა;
ბ) ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად გამოყოფილი პირის საკონტაქტო მონაცემები;
გ) მისაერთებელი ელექტროსადგურის დასახელება, მდებარეობა და გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;
დ) გენერაციის ობიექტის დადგმული სიმძლავრე;
ე) გენერაციის ობიექტის მშენებლობის სამუშაოების დასრულებისა და ქსელთან მიერთებისათვის მზადყოფნის სავარაუდო თარიღები;
ვ) გენერაციის ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების სავარაუდო თარიღი;
ზ) მოთხოვნილი წყლის მოცულობა თვეების მიხედვით;
თ) წყლის მიწოდების მინიმალურ მოცულებებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ი) აკრედიტირებული ორგანოს მიერ გაცემულ საექსპერტო დასკვნას, გენერაციის ობიექტის მიერთების გავლენაზე სხვა გენერაციის ობიექტებთან და პროფილურ მომხმარებელთან მიმართებაში წყლით მომარაგებაზე, ხოლო ამ მომხმარებელთათვის წყლით მომარაგების პირობებზე უარყოფითი გავლენის შემთხვევაში, მათ პოზიციას ამ ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებაზე.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.
4. განაცხადის დახარვეზების საფუძველი მოცემულია წესების 22-ე მუხლის მე-4 პუნქტში, მათ შორის, თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით).
5. გენერაციის ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებისთვის მისი მოწყობა ან/და არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მიმწოდებელსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ განაცხადის მიღებიდან 3 თვის ვადაში, მიერთების პირობებზე ვერ მოხდება შეთანხმება, მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, მიმწოდებელი ვალდებულია საირიგაციო სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების წერტილში წყალაღების დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს);
გ) მიწოდების წერტილის ტექნიკურ მახასიათებლებს: წყლის სიჩქარე, არხის კვეთი, მისი დახრა და სხვა მახასიათებლები;
დ) მიწოდების წერტილიდან, წყალაღების დაშვებული მაქსიმალური საათობრივი მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს).
6. მიმწოდებლის მიერ ახლად მიერთებული გენერაციის ობიექტისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით მომსახურების მიწოდება დასაშვებია მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წესების პირობების შესაბამისად. იმის გათვალისწინებით, რომ მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობა მტკიცდება კომისიის მიერ.
კარი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებები