1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საირიგაციო სისტემებზე ინდივიდუალური აღრიცხვის სიტემების მოწყობა, ამ მიზნით მიმწოდებელმა უნდა შეიმუშაოს საირიგაციო სისტემის გამრიცხველიანების გეგმა და კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოს მისი შესრულება.
2. მიმწოდებელმა აღრიცხვის სისტემის გამრიცხველიანების გეგმა კომისიას დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს 2024 წლის პირველ მარტამდე.
3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მომხმარებელთან ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილზე მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, რა შემთხვევაშიც ამ მომხმარებელთან ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ამ აღრიცხვის კვანძის მეშვეობით. ამასთან, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა მოხდა საანგარიშო პერიოდში, მიმდინარე ანგარიშსწორება განხორციელდება სარწყავი ფართზე საფასურის დარიცხვით.
4. როდესაც საირიგაციო სისტემის ერთ–რიგის მომხმარებელთა 2/3-ზე მეტი ითხოვს ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და თანახმა არიან მონაწილეობა მიიღონ გამრიცხველიანების პროცესში, კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით, ამ მომხმარებლების მიერ მიმწოდებლისთვის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ამ მომხმარებლებთან გააფორმოს საირიგაციო სისტემის გამრიცხველიანების თანამონაწილეობის ხელშეკრულება (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად) მიწოდების წერტილისა და საირიგაციო სისტემის მოსაწესრიგებლად და განახორციელოს შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს როგორც წესების დანართი №4-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური, ასევე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. თანამონაწილეობის ხელშეკრულებით საირიგაციო სისტემის მოსაწესრიგებლად მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება მიმწოდებლის მიერ დაიწყება სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკითა და პირობებით.
5. მიმწოდებელი ვალდებულია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომხმარებლად რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში მიწოდების წერტილზე მოაწყოს მრიცხველი, ასევე უზრუნველყოს მიწოდების წერტილის და მასთან დამაკავშირებელი საირიგაციო სისტემის გამართულობა, წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
6. 2026 წლის 1 მაისამდე, თუ საირიგაციო სისტემის ტექნიკური მდგომარეობის გამო ტექნიკურად ვერ ხდება ამ წესების 58-ე მუხლით გათვალისწინებული პირობებით მიწოდების წერტილის განსაზღვრა და ვერ ხდება პროფილური მომხმარებლების წყლის ერთობლივად მოხმარების პირობებზე შეთანხმება, მიმწოდებელი უფლებამოსილია დროებით განსაზღვროს მიწოდების წერტილი მომხმარებლის ტერიტორიასთან არსებულ უახლოეს, მიმწოდებლის მფლობელობაში (მათ შორის, მის ბალანსზე) მყოფ საირიგაციო სისტემაზე, სადაც წყლის მიწოდების წერტილი უნდა იძლეოდეს:
ა) წყლის აღრიცხვის სისტემის მოწყობის შესაძლებლობას (მრიცხველის განთავსების შესაძლებლობას);
ბ) წყალსარეგულაციო კვანძის მოწყობის შესაძლებლობას.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მოაწყოს მიწოდების წერტილი მიწოდების წერტილის განსაზღვრიდან, არასაირიგაციო პერიოდში 2 თვის ვადაში, ხოლო საირიგაციო პერიოდში, თუ სხვა მომხმარებლის პირობა არ ირღვევა და ტექნიკური წინააღმდეგობა არ დგას – ერთი თვის ვადაში. ამასთან თუ საირიგაციო პერიოდში სამუშაოების საერთო რაოდენობა აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა გრაფიკი მიმდინარე საირიგაციო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის ერთი თვის ვადაში მოწყობის ვალდებულება