1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს ყოველთვიურად.

2. მომხმარებელი მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში, მის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული და ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. ამასთან, თუ ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტი უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლის შიდა ქსელთან (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში) მომსახურების საფასურის დარიცხვა მოხდება ფაქტობრივად გამომუშავებული ელექტროენერგიის შესაბამისად. როდესაც მომხმარებელი მიღებული წყლით არ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, ამ პერიოდზე დაერიცხება კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარების საფასური.

3. მიმწოდებლის მიერ დარიცხულ მომსახურების საფასურზე ანგარიშსწორება უნდა მოხდეს არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 28 რიცხვისა, მიმწოდებლის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით.

4. წესების შესაბამისად, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის საანგარიშო აღრიცხვის კვანძს წარმოადგენს გენერაციის ობიექტის კუთვნილ სალტეზე მოწყობილი ელექტროენერგიის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი, ხოლო საირიგაციო სისტემიდან წყლის მოხმარებით დარიცხვის შემთხვევაში, საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილი და მასზე არსებული აღრიცხვის კვანძი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვიურად გაუგზავნოს მიმწოდებელს, როგორც გამომუშავებული, ისე ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული, საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძის ჩვენებები და ელექტროენერგიის აღრიცხვის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 14 რიცხვისა.

6. გენერაციის ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიიდან, საკუთარ მოხმარებაზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დაარიცხოს მომსახურების საფასური საკუთარი მოხმარებისთვის განსაზღვრულ ოდენობაზე მეტ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე. გენერაციის ობიექტის ელექტროენერგიის საკუთარი მოხმარების წილი გამოითვლება,გენერაციის ობიექტის მიერ გამომუშავებულ და ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში გაცემული ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების ჩვენებებს შორის სხვაობით. ამასთან, თუ გენერაციის ობიექტი უშუალოდ დაკავშირებულია მომხმარებლის შიდა ქსელთან (მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის შემთხვევაში) მომსახურების საფასურის დარიცხვისას, საკუთარი მოხმარების გათვალისწინება არ ხდება.

7. მიმწოდებლის მიერ მომსახურების საფასურის დარიცხვა დაუშვებელია მომხმარებლის მიერ ელექტროენერგეტიკული სისტემიდან მიღებულ-მოხმარებულ ელექტროენერგიაზე.

8. ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძებიდან ჩვენების აღება უნდა მოხდეს ყოველი კალენდარული თვის ბოლო რიცხვის 24:00 საათზე, რომელი ჩვენების მიხედვითაც ხდება მომსახურების საფასურის გამოანგარიშება.

9. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ყოველთვიურად გაუგზავნოს მომხმარებელს ანგარიშფაქტურა ან გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი (მიმწოდებლისა და მომხმარებლის ხელმოწერით). ანგარიშფაქტურაში, განცალკევებულად უნდა იყოს მოცემული საანგარიშო პერიოდში წარმოებული ელექტროენერგიის საფუძველზე დარიცხული საფასური და ფაქტობრივად მიღებული-მოხმარებული წყლის მოცულობაზე დარიცხული საფასური.

10. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო მეორე – მომხმარებელს. მიღება-ჩაბარების აქტი შესაძლებელია გაფორმდეს როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით.

11. ანგარიშსწორებისას პირველ რიგში ანაზღაურდება მომსახურების საფასური, ხოლო შემდეგ დარიცხული პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

12. თუ მომხმარებელი ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის მომსახურების საფასურს, მიმწოდებელს უფლება აქვს მომხმარებელს დააკისროს პირგასამტეხლო მომსახურების ხელშეკრულებისა და წესების 53-ე მუხლის პირობებისა და პროცედურების შესაბამისა