1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. გამანაწილებელ ქსელში არსებული მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელია გაცემის პუნქტების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს ობიექტთან მიმართებაში მომარაგების სქემისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია.
2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის მომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიანი ბაზა თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემის პუნქტების რეესტრს. ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების მიმწოდებლისათვის ხელმისაწვდომობის პირობები მოცემულია საცალო ბაზრის წესებში.
3. ბუნებრივი გაზის გაცემის პუნქტს, აღრიცხვის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს გამანაწილებელი ქსელის იმ გაცემის პუნქტის იდენტიფიცირებას, საიდანაც ბუნებრივი გაზით მარაგდება ერთი კონკრეტული ობიექტი. ასევე გაცემის პუნქტისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებული-აღრიცხული, მომარაგებული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია. კერძოდ:
ა) უძრავი ქონების (ობიექტის), რომლის მომარაგებაც ხდება ამ პუნქტის მეშვეობით, მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში);
ბ) უძრავი ქონების მომმარაგებელი ქსელის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი;
გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლოს ამ ობიექტზე ბუნებრივი გაზის მოხმარებით და მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;
დ) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;
ე) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას;
ვ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არა აქტიური (თუ ობიექტზე ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ხდება 6 თვის განმავლობაში);
ზ) მაქსიმალური საათობრივი მოხმარება;
თ) და სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს განაწილებისა და მიწოდების საქმიანობასთან;
4. როდესაც ობიექტის ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება ორი ან ორზე მეტი გაცემის პუნქტიდან, ამ გაცემის პუნქტებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული გაცემის პუნქტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ გაცემის პუნქტის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა იდენტიფიცირება.
5. გაცემის პუნქტისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. ბუნებრივი გაზის გაცემის პუნქტზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის, მომხმარებლად ან მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ამ პუნქტების ნომრის, მომხმარებლის, მიმწოდებლების და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
7. ობიექტი (მსხვილი მომხმარებლის გარდა), რომელიც ბუნებრივი გაზით მარაგდება გადაცემის სისტემის ოპერატორის ქსელიდან ან გადაცემის სისტემის ოპერატორის ქსელზე მიერთებული სხვა მომხმარებლის (ან აბონენტის) ქსელიდან, წარმოადგენს განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტს (განაწილების საქმიანობის არეალის შესაბამისად). ამასთან, ამ ობიექტის აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს სისტემის ოპერატორის მფლობელობაში და მისი ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე პასუხიმსმგებლობა ეკისრება, შესაბამის განაწილების სისტემის ოპერატორს.