1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) განაწილების მომსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ;
გ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);
დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ;
ე) ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური და ამ საფასურის განსაზღვრის შესახებ აქტი.
2. სისტემის ოპერატორი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში (ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებასთან ერთად), ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ბ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის);
გ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები;
დ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით;
ე) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის და საკონტაქტო ნომრების მითითებით (ამ საწარმოების მოთხოვნის შემთხვევაში);
ვ) მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით).
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ვებგვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს.