1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე. ამ მუხლის მიზნებისთვის, მიმწოდებლის მიერ ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე (მათ შორის, ახალი ობიექტის მიერთების, ჩაჭრა-აღდგენის, უკანონო მოხმარების და სხვა ამ წესების შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე).

2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირობების დაცვით. ამასთან, დეპოზიტი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წინა ზამთრის 3 თვის განმავლობაში გადახდილი მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობა, ხოლო მითითებულ პერიოდზე მონაცემის არქონის შემთხვევაში, დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება მომდევნო ზამთრის პერიოდზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობების შესაბამისად. მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არიან, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინონ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის საპროგნოზო ოდენობა.

3. მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის წარდგენაზე და აირჩიოს მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესი. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია, კომერციულ ბანკსა და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, დადოს (იქონიოს) ისეთი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან მიმწოდებლისათვის გადასახდელი ბუნებრივი გაზის ფასის ან კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურების გამიჯვნას და მიმწოდებლის, სისტემის ოპერატორის  და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე ასახვას, მომხმარებლის მიერ გადახდისთანავე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესის დაცვაზე და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი პირობების უხეშ დარღვევას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკისა და იმ პირისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, რათა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის არასრულად გადახდის შემთხვევაში, თავდაპირველად დაიფაროს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასური. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის დასაფარად, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე უნდა აისახოს პროპორციულად შემცირებული თანხები.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა აღემატება მიმდინარე დარიცხვის პერიოდზე მასზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახება მიმწოდებლის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, დადებითი ბალანსის სახით ასახავს მას მომხმარებლის ანგარიშზე, კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების შესაბამისად.

6. სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისგან განსხვავებულ პირობაზე.

7. მომხმარებლის მიერ, სისტემის ოპერატორისთვის უშუალოდ გადასახდელი თანხის საანგარიშსწორებო ქვითრის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული თანხა, მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სისტემის ოპერატორის ანგარიშზე. ამასთან, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი  საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და მიმწოდებლის მომსახურების საფასურის სრულად დასაფარად, თავდაპირველად უნდა დაიფაროს სისტემის ოპერატორისთვის გადასახდელი თანხა,  თუ მომხმარებელი გადახდის დანიშნულებაში სხვა რიგითობას არ მიუთითებს. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული თანხის სისტემის ოპერატორისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების შესრულებაზე ვრცელდება იგივე პირობები, რაც ამ წესებით განსაზღვრულია მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე.

8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის ოდენობის ხელახალი გაანგარიშება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამციროს დეპოზიტი, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ ზამთრის პერიოდში სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საშუალო თვიური ოდენობა შემცირდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გაზარდოს დეპოზიტის ოდენობა, თუ მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა გაიზრდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით. სისტემის ოპერატორის მიერ დეპოზიტის გაზრდა უნდა მოხდეს მიმწოდებლის წინასწარი ინფორმირებითა და ამ პირობის შესრულებისთვის მინიმუმ 10 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრით.

9. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომსახურების საფასური აინაზღაუროს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით.

10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს სისტემის ოპერატორისათვის დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ სისტემის ოპერატორს დეპოზიტის სახით წარუდგინოს თანხა.

11. სისტემის ოპერატორსა და მიმწოდებელს შორის დადებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის  ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორთან ანგარიშსწორების შემდეგ, მოთხოვნიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს წარდგენილი დეპოზიტი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარი თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე.

12. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაუხადოს სისტემის ოპერატორს მომსახურების საფასური, გასული ერთი თვის პერიოდში მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, თუ მხარეები ანგარიშსწორების სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან. ამასთან, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს ყოველთვიურად წარუდგინოს, გასული კალენდარული თვის ანგარიში, საანგარიშო თვის, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს სისტემის ოპერატორს ანგარიშით მოთხოვნილი თანხა – ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

13. მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მიმწოდებელს უნდა განუსაზღვროს დავალიანების გადახდის გონივრული ვადა, ხოლო, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში:

ა) თუ მიმწოდებელს აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან საბანკო გარანტია, რომელიც ფარავს სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელ თანხას – სისტემის ოპერატორი მომსახურების საფასურის დეპოზიტიდან ან საბანკო გარანტიიდან ანაზღაურების შემთხვევაში, მიმწოდებლისგან მოითხოვოს, განსაზღვრულ ვადაში, ახალი დეპოზიტის წარდგენა;

ბ) თუ მიმწოდებელს არ აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან დეპოზიტის უზრუნველსაყოფად, საბანკო გარანტია, ან აღნიშნული ნაკლებია სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებისთვის გადასახდელ თანხაზე – სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის,   ბირჟის ოპერატორის და მარეგულირებელი კომისიის 10 სამუშაო დღით ადრე ინფორმირების შემდეგ, შეუწყვიტოს ამ მიმწოდებელს განაწილების მომსახურება (განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად). ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად.

14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის ან მოთხოვნილი დეპოზიტის შედეგად, მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის მომსახურების აღდგენა შეიძლება მოხდეს, სისტემის ოპერატორის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის გადახდის ან გადახდის პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, ხოლო ამ მიმწოდებლის მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება, მიწოდების ხელშეკრულების შესრულებისა და მიმწოდებლის შეცვლის საცალო ბაზრის წესების  V თავის შესაბამისა