1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ბუნებრივი გაზით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების (დარიცხვის) შესახებ. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება წესებით განსაზღვრულ პირობებს.
3. სისტემის ოპერატორისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი გონივრული-მიზეზობრივი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს.
4. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა (ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება: მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან. ამასთან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ამასთან, თუ კორექტირებამდე:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილია მეტი (დარიცხულია მეტი) – მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიმწოდებელს არასწორად დარიცხვით მიყენებული ზიანი (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური);
ბ) მომხმარებლის მიერ გადახდილია ნაკლები (დარიცხულია ნაკლები) – მომხმარებლის მონაცემები უნდა ჩასწორდეს არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი) მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად.
5. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში:
ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები;
გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით.
6. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელ