1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელთან მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).

2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წესების  შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი და იმოქმედოს წესების 33-ე მუხლის პირობების შესაბამისად.

3. სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. პირის მიერ გამანაწილებელ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან გასათვალისწინებელია  შესაბამისი აქტის საფუძველზე რაოდენობის განსაზღვრის შემდეგი წესი:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება.

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი), მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება, მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს სისტემის ოპერატორის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი სისტემის ოპერატორს ელექტრონულად ან მატერიალურად მიაწოდებს, გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არაუმეტეს 3 თვისა), დასაბუთებულ არგუმენტაციას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის დანაკარგის და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით.

7. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ბუნებრივი გაზის დანადგარები, რომლებიც მიერთებულია ქსელთან ან მზად არის ქსელთან  მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში.

8. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა სისტემის ოპერატორის მომსახურებით, გარდა სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  სისტემის ოპერატორის მიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი.

9. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი.

10. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება.

11. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად  გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები).

12. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზ