1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის (მომხმარებლის შიდა ქსელის), მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას.
2. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. არაგეგმური შემოწმებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები.
4. სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი), ვალდებულია წერილობით განუმარტოს მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები, ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტები (მათ შორის, თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) და მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ სისტემის ოპერატორს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის.
6. მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება.
7. შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე.
8. ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა.
9. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხილება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად.