1. პირი, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი.
2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ბუნებრივი გაზის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, ასევე, აღნიშნული ქსელისა და მისი შემადგენელი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სისტემის ოპერატორსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის საფასურის გაძვირება.
4. სისტემის ოპერატორს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურებისათვის.
5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ქსელიდან ბუნებრივი გაზის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი.
6. ეს მუხლი არ ვრცელდება სისტემის ოპერატორებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების ურთიერთობებზე.