1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება, მისი დანადგარების საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისათვის, ასევე, მოძრავი ან სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის (მიერთების მილსადენის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-საექსპლუატაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლების ტექნიკურ რეგლამენტსა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ.
3. გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) პირობით.
4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება.
5. დროებითი მიერთების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.
6. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება წნევის, სიმძლავრის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.
7. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებული საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს თან უნდა ერთოდეს მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება.
9. სისტემის ოპერატორი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.
10. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი გაუმართავია ან/და გაზდანადგარებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა ან/და სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია შესაბამისი წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემაზე ან/და სისტემის ოპერატორის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.
11. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს დროებითი მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, ქსელის მოწყობის, ნებართვების მოპოვების, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მომარაგების დაწყების ჩათვლით.
12. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი სისტემის ოპერატორს მიმართავს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით.
13. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს, მისაერთებელი წნევის საფეხურს და სიმძლავრეს.
14. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.
15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერებას, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს ქსელის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.
16. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №2 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №2 დანართით განსაზღვრულ ვადაში.
18. დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები ელექტრონულად ან მატერიალურად არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს მომარაგება. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის შემთხვევაში ამ მომხმარებლის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი.
19. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების საფასური სისტემის ოპერატორისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება განაწილების ტარიფის გაანგარიშების