1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-17 და მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.
4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.
ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადზე თანდართული, მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს და აცნობოს ახალი ობიექტის აბონენტის ნომერი და მომარაგების დაწყების სავარაუდო თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და ამ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, მიწოდების მზადყოფნის ან განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული უარი (დასაბუთებული უარი ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს). უარის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს, იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საცალო ბაზრის წესებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ამ წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და 35-ე მუხლის პირობების შესაბამისად.
6. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად; ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, თუმცა განაცხადში მოცემული ინფორმაციით ვერ აკმაყოფილებს მსხვილი მომხმარებლისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
7. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას:
ა) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, სისტემის ოპერატორს მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური;
ბ) წესების მე-17 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ სისტემის ოპერატორისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.
8. 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად. მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში.
9. მიერთების მსურველი თავისუფლდება მიერთების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისგან, თუ ამ საფასურის გადახდის ვალდებულებას წერილობით იკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი, მიერთების საფასურის წინასწარ გადაუხდელობის საფუძვლით.
10. განაცხადის დამტკიცება სისტემის ოპერატორს აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები.
11. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №1 დანართში. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომარაგების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების დრო (2 საათიანი ინტერვალით). ამასთან:
ა) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის ან/და შიდა ქსელის მოწყობა ვერ ხდება მომხმარებლის მიზეზით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში. ასევე, სისტემის ოპერატორმა, მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის და მომარაგების დაწყებისათვის საჭირო პროცედურის შესახებ (მათ შორის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ – ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი;
ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღისთვის, მიმწოდებლისგან მიწოდების დაწყების დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში – ბაზრის ოპერატორისგან სათანადო შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის, ასევე მიერთების დასრულების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასევე, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ – ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში) ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს მას ბაზრის ოპერატორისგან შეტყობინების აუცილებლობის შესახებ.
გ) თუ მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის – სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის შიდა ქსელი უნდა მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს, დაიწყოს მომხმარებლის გაზმომარაგება და ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) მოთხოვნისა და შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, შიდა ქსელთან მინიმუმ ერთი გაზდანადგარის დაერთებით) წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ხოლო, თუ მომხმარებელმა ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით სისტემის ოპერატორს მიმართა მიერთების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ – ობიექტზე გაზმომარაგება უნდა დაიწყოს 10 სამუშაო დღის ვადაში. სისტემის ოპერატორმა მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე;
13. ამ წესების მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების პერიოდში, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ობიექტზე მისვლის და სამუშაოების შესრულების დრო (2 საათიანი ინტერვალით). მიერთების სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ სისტემის ოპერატორის მიზეზით არ მოხდება შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა.
14. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით – ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია სისტემის ოპერატორის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
15. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესით სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისათვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
17. ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძისმოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სისტემის ოპერატორთან საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
18. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების მსურველს ტექსტური შეტყობინება უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მიერთების მსურველის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე; ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა დასტურდება, შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მიერთების მსურველს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან.
19. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
20. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილი