1. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა.
2. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).
3. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.
4. ახალი ობიექტის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური ვრცელდება სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა).
5. ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მიერთების საფასური.
6. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №1). მიერთების საფასური წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს და მისი გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ ხდება მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება:
ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით);
ბ) გაზდანადგარების დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში).
8. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელთან. წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.
9. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელთან ხდება ისეთი ახალი ობიექტის მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორი. ამ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. დაბალი წნევით ახალი ობიექტის მიერთებისას საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (სისტემის ოპერატორის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს სისტემის ოპერატორის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას.
11. ახალი ობიექტის გამანაწილებელი ქსელთან მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობის პირობასთან ან ამ პირობის შეცვლასთან. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა მომხმარებელი დამატებით მოითხოვს თუ არა შიდა ქსელის მოწყობას ან უარს იტყვის მის მოწყობაზე (მათ შორის, მოხმარების ერთი ან მეტი წერტილის მოწყობაზე), ან ხელს უშლის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებას რაიმე ფორმით.
12. იმ ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, სისტემის ოპერატორს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელთან მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული სისტემის ოპერატორს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა.
13. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პროცესში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემები განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, ამ წესების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დამტკიცების შესახებ შეტყობინებასთან ერთად.
14. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლების რეგისტრაციის შემდეგ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად.
15. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა.
16. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად (ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. შეუთანხმებლობის მიუხედავად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების წნევის საფეხურს;
გ) მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეს (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად).
17. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა პირის მეშვეობით), იგი ვალდებულია სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალიწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია არ შეასრულოს ქსელთან შეჭრის სამუშაოები და შესაბამისად, ახლად შექმნილი ქსელი არ მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს.
18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს:
ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ა.ბ) წინასწარ წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) აცნობოს სისტემის ოპერატორს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის წერილობითი მითითებები;
ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №2, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს, განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
19. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები. დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
20. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.
21. ამ წესების მიზნებისათვის, დაუშვებელია დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელთან 100 კუბ.მ/სთ მეტი მისაერთებელი სიმძლავრით ახალი ობიექტის მიერთება.
22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელთან შეჭრის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორმა. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიერთების მსურველის მიერ მითითებულ მშენებლობის პერიოდში.
23. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვი