1. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა.

2. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ელექტროენერგია აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ელექტროენერგია და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ელექტრომომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

3. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება 500 კილოვატის და ნაკლები დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე.

4. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით (წერილობით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს.

5. ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პირობები (წესების მე-17 და მე-18 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მიერთებაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენის შემთხვევისა). გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პირობები (წესების მე-17 და მე-18 მუხლები) არ ვრცელდება 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი ობიექტის ან ობიექტების   მიერთებაზე. ასევე, 500 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მქონე ელექტროსადგურის მიერთებაზე.

6. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის  საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (როდესაც ობიექტი გამანაწილებელ ქსელთან ერთდება კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ მოძრავი ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთება და მიერთებული ობიექტის ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა.

7. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური, შესაბამისი მეთოდოლოგიის საფუძველზე, დგინდება მისაერთებელ სიმძლავრეზე, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №2). სადაც, აღნიშნული საფასურით მიერთებისას, თითოეული მომხმარებლის მინიმალური მისაერთებელი სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 10 კვტ-ისა, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში მისაერთებელი ობიექტის ან სხვა სახის ობიექტის მიერთებისას. ამასთან, ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებისას, მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით იქნება დათვლილი ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრე, აღნიშნული ობიექტის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაცია უნდა ითვალისწინებდეს თითოეული ობიექტის მინიმუმ 10 კვტ. სიმძლავრით მიერთებას.

8. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ელექტროენერგიით, გაიყო ან მის ადგილზე  განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელთან.

9. უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, ახალმა მომხმარებელმა სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის უნდა გადაიხადოს წესების №3 დანართით გათვალისწინებული საფასური (წესების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის პროცედურის შესაბამისად), თუ:

ა) ადგილი აქვს 0-დან – 10 კვტ-მდე სიმძლავრით მიერთებული უძრავი ქონების ერთი უძრავი ქონებით გამოყოფას  და გამოყოფილი უძრავი ქონების მესაკუთრე ითხოვს 0-დან – 10 კვტ სიმძლავრით მიერთებას;

ბ) 10 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტი სიმძლავრით მიერთებული მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას, არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების არანაკლებ 10 კვტ. სიმძლავრით მომარაგებისთვის.

10.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენაზე გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება, თუ მომხმარებელი ელექტროენერგიით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ელექტრული ქსელის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენა უნდა მოხდეს წესების მე-18 მუხლის მე-17  პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

11. წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი  ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად.

12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 0.4 კვ. (380/220 ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის  გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.

13. 0,4 კვ. (380/220ვ.) და 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) გამანაწილებელი ქსელთან მიერთების სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) კუთვნილ ტერიტორიამდე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაოსა და ხარჯს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანას, საშუალებების შეძენას, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვებას და ყველა სახის საჭირო მოქმედებას და სამუშაოს (აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ჩათვლით), რაც დაკავშირებულია გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფასა და ელექტრომომარაგებასთან.

14. დაუშვებელია მიერთების მსურველის (განმცხადებლის) მიერ მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელთან მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული სისტემის ოპერატორს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია (განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა), ან დაესწროს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებას. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცესში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით.

15. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, 0,220 კვ, 0,380კვ და 6/10კვ ძაბვაზე ახალი ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:

ა) 0,4 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული 0,4 ან 6-10 კვ გამანაწილებელი ქსელიდან 600 მ-ის რადიუსში;

ბ) 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის შემთხვევაში – სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 6 კმ-ის რადიუსში.

16. ახალი ობიექტის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს უფლება აქვს აირჩიოს:

ა) აღრიცხვის კვანძის ძაბვის საფეხური, რომელზეც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი (გარდა წესების მე-18 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ბ) მისაერთებელი სიმძლავრე შესაბამის ძაბვის საფეხურზე, სადაც უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი შეთავაზებული პაკეტის მიხედვით.

17. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) მიერთებას, მიერთების საფასურის ოდენობა (შეთავაზებული პაკეტის მიხედვით) უნდა განისაზღვროს ამ ობიექტ(ებ)ის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის შესაბამისად (თითოეულ მომხმარებელზე ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული, მინიმალური მისაერთებელი სიმძლავრის გათვალისწინებით). მოცემულ შემთხვევაში, ობიექტის სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრე უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტის მოთხოვნებს. ამასთან, მიერთების მსურველს უფლება აქვს მოითხოვოს ობიექტის უფრო მეტი მისაერთებელი სიმძლავრით მიერთება (სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციაში მოცემული, საქართველოში რეგისტრირებული სტანდარტის შესაბამისად).

18. სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი, ამ მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე მიერთებული ობიექტ(ებ)ის, მისაერთებელი სიმძლავრის გადაჭარბებაზე. ასეთ შემთხვევაში ამ ობიექტ(ებ)ის გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა უნდა განხორციელდეს, სიმძლავრის გაზრდის შესახებ, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, ისე როგორც ეს მოცემულია  წესების მე-20 მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით.

19. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლების რეგისტრაციის შემდეგ, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა აწარმოოს ინდივიდუალურად.

20. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვ