1. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტა.

2. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:

ა) მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, ან/და წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური (ამ წესების, მათ შორის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად);

ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები;

გ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

დ) მომხმარებელი  იწვევს  ქსელის  მუშაობის  შეფერხებას  (წყვეტებს) ან/და  ელექტროენერგიის    ხარისხის გაუარესებას (რომელმაც შესაძლოა ელექტროენერგეტიკულ სისტემაში გამოიწვიოს ავარია ან იქონიოს სხვა სახის უარყოფითი გავლენა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე) და შესაბამისი  მომხმარებელი  სისტემის  ოპერატორის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეტყობინებიდან 5 დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნულ შეტყობინებაში, გათიშვის აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული (ამ პუნქტით განსაზღვრული 5 დღიანი ვადა არ ვრცელდება ამ წესების 48-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაზე);

ე) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს ელექტროენერგიის მრიცხველთან. მომარაგების წინამდებარე საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელი წინასწარ, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც უნდა იყოს გაფრთხილებული წერილობითი  ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის ელექტროენერგიის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მხოლოდ მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ელექტროენერგიით მომარაგება, თუ:

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;

ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

გ) არსებობს მიმწოდებლის მოთხოვნა  მომარაგების შეწყვეტის შესახებ (თუ ეს წესები ან/და საცალო ბაზრის წესები ითვალისწინებს მითითებული საფუძვლით მომხმარებლისთვის ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას);

დ) ადგილი აქვს ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებას;

ე) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას – აღნიშნულის შესახებ  სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს;

ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ.

4. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარების გამო ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილ   მომხმარებლებს ელექტროენერგიით მომარაგების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს  მომხმარებლის მიერ დაზიანებული  აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა.

5. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო ელექტროენერგიით მომარაგება შეწყვეტილი  (ქსელიდან ჩახსნილი) მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენისთვის  სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, მოითხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.

6. თუ ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლისათვის, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შეუქმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს წესების 35-ე მუხლში მოცემული პირობები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი, ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაზე, ასევე ვრცელდება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.

8. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან  სისტემის ოპერატორის მიერ მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში,  სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე (სისტემის ოპერატორს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის შემთხვევაში). სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს, ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან.

9.  მომარაგების მიმწოდებლის მოთხოვნით შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება აღდგება მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ მიმწოდებლის მითითები