1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა:  მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით.

2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელ. ფოსტის საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, ანალოგიურ თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის მიხედვით (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები, დარიცხვა ხორციელდება მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიური ოდენობით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების სისტემის ოპერატორის მიერ აღებისთანავე. ამასთან:

ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა  და მოქმედების  სავარაუდო პერიოდს);

ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად, აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;

გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე, ხოლო სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს  დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა. დამატებითი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია   გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი.

თავი IV. ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებე