1. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს 10 დღის ვადაში.
2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;
ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური.
4. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი კისრულობს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება და უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (სრული ტექნოლოგიური ციკლით) წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და წესებით განსაზღვრული პირობები.
5. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნით (კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული განაცხადით) ელექტრონული ან მატერიალური ფორმით, მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხვევაში ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობითი ფორმით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). სადაც, ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.
6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადზე თანდართული, მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს და აცნობოს ახალი მომხმარებლის აბონენტის ნომერი მომარაგების დაწყების სავარაუდო თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და ამ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს სისტემის ოპერატორს ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, მიწოდების მზადყოფნის ან განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული უარი (დასაბუთებული უარი ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს). უარის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს, იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საცალო ბაზრის წესებით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ელექტრომომარაგება განხორციელდება ამ წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და 37-ე მუხლის პირობების შესაბამისად.
8. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად; ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ:
ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის, თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);
ბ) მისაერთებელი ობიექტი გათვალისწინებულია სივრცის დაგეგმარების ან ქალაქთმშენებლობითი გეგმით და მოთხოვნილი სიმძლავრე ამ ობიექტის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეზე ნაკლებია (მათ შორის, თუ მიერთება მოთხოვნილია საკადასტრო ერთეულის ნაწილზე განცალკევებულად, გეგმაში მოცემული ობიექტისთვის განკუთვნილზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით);
გ) თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, თუმცა განაცხადში მოცემული ინფორმაციით ვერ აკმაყოფილებს მსხვილი მომხმარებლისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
9. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი ობიექტის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.
10. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებით (არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც), აცნობოს ახალ მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების ზუსტი დრო. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) 220 ვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს მომხმარებლის თანხმობით შესაბამის აქტზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, თუ მომხმარებელი არ არის თანახმა მომარაგების დაწყებაზე, არ იმყოფება ადგილზე ან ვერ ხერხდება გამანაწილებელ ქსელთან მისი შიდა ქსელის დაერთება (შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის არარსებობის გამო) სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების შესახებ, შესაბამისად, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, ახალი ობიექტის შიდა ქსელის დასაერთებელი სადენის დაერთება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილ გამთიშველზე უნდა განხორციელდეს ახალი ობიექტის განაცხადის მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე;
ბ) 380 ვ ასევე 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში – ელექტროენერგიით მომარაგების დაწყება უნდა მოხდეს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის გაფორმებითა და შიდა ქსელის გამთიშველამდე ელექტროენერგიის მიწოდებით. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ახალ მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყებისა და აღრიცხვის კვანძთან მოწყობილი გამთიშველის გამოყენების უფლებამოსილების შესახებ. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი. ამასთან:
ბ.ა) 380 ვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის შემდეგ, მომხმარებლის პირველადი დაერთებისათვის (არა შემდგომი ექსპლუატაციისთვის) მოაწყოს შიდა ქსელის გამთიშველი. გამთიშველი უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ახალი მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მფლობელობაში არსებული შიდა ქსელის, მათ შორის, აღრიცხვის კვანძის შემდეგ მოწყობილი შიდა ქსელის გამთიშველისა და სხვა მოწყობილობის/დანადგარის პირველად ჩართვასა და უსაფრთხოებაზე. ახალი მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე სადენის დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა (უსაფრთხოების ნორმების დაცვით);
ბ.ბ) 6/10 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებისას, მომხმარებლის შიდა ქსელის გამთიშველი უნდა იყოს გამორთული. მომხმარებელი უფლებამოსილია, უსაფრთხოების ნორმების დაცვით თვითონ მოახდინოს შიდა ქსელის გამთიშველზე დაერთება და დანადგარების პირველადი ჩართვა სისტემის ოპერატორთან წინასწარ შეთანხმებით, ხოლო, სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის გამთიშველზე დაერთებასა და დანადგარების პირველად ჩართვაზე მოთხოვნა შეითანხმოს განაცხადით მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე).
11. 0,4 კვ (380/220ვ) და 6/10 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს სისტემის ოპერატორის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი ობიექტის (ან ობიექტების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით – ელექტრონულად ან მატერიალურად. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია სისტემის ოპერატორის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.
12. ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღისთვის, მიმწოდებლისგან მიწოდების დაწყების დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში – ბაზრის ოპერატორისგან სათანადო შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შეადგინოს აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტი, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის (ან მრიცხველის) შემდეგ მოწყობილი გამთიშველი დატოვოს გამორთულ მდგომარეობაში და დაცული გარე ზემოქმედებისგან. ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის, ასევე მიერთების დასრულების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს მას ბაზრის ოპერატორისგან შეტყობინების აუცილებლობის შესახებ). ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ითვლება აღრიცხვის კვანძის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი.
13. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას, ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს, მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით);
ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს);
გ) კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული წესით სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისათვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (სამუშაოების დროულად დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ.
15. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
16. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნას 501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი ობიექტის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.
17. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის ელექტრომომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად (ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. შეუთანხმებლობის მიუხედავად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში (არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში) მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მიერთების წერტილს;
ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს;
გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად).
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად ( ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს მიერთების მსურველი ვალდებულია:
ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) წინასწარ განაცხადით აცნობოს სისტემის ოპერატორს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას (სისტემის ოპერატორის მიერ ზედამხედველობის შემთხვევაში) და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) გაცემული მითითებები;
გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №3, ხოლო ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, დანართით №4 განსაზღვრული მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემის საფასური შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში.
19. ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, სისტემის ოპერატორი ვალდებულია:
ა) ახალი ობიექტის (ახალი ობიექტის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;
ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;
გ) მისაერთებელი ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემთხვევაში, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები წესების დანართით №3, ხოლო ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, დანართით №4 განსაზღვრულ ვადაში, შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
20. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ახალი ობიექტის მიერთების საფასურის ეტაპობრივი გადახდის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს, წესების მე-14 მუხლის შესაბამისად.
21. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა). დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.
22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოს წარმოება, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორმ