1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, მომხმარებლის შიდა ქსელთან ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელთან დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს.
2. მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია:
ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში;
ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
5. მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა იყვნენ ერთი და იმავე სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მრიცხველი წარმოადგენს მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილს. მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დღეს.
6. მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა ჯგუფთან დასარიცხი ელექტროენერგიის გაანგარიშება ხდება თითოეულ მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით, ისე, რომ ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა განხორციელდეს ერთსა და იმავე დღეს აღებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული აღრიცხვის კვანძები წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ხოლო ამ მომხმარებლებისათვის ქვითარში ასასახი კილოვატების მოცულობა დაანგარიშდება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მომხმარებლის შიდა ქსელზე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის შემთხვევაში, ჯგუფის წევრებმა შეიძლება ისარგებლონ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, ამ მომხმარებლის ინდივიდუალური რევერსული მრიცხველით აღრიცხული, გამანაწილებელ ქსელში გაშვებული ელექტროენერგიით, ამ წესების პირობების გათვალისწინებით.
8. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული და გამანაწილებელი ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობა აღირიცხება ცალ-ცალკე, ორმიმართულებიანი (რევერსული) მრიცხველით.
9. სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. სისტემის ოპერატორის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია სისტემის ოპერატორის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 1.5 პროცენტის ათვისების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მარეგულირებელ კომისიას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის, სისტემის ოპერატორმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებგვერდზე.
11. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცი