1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ჭარბ ელექტროენერგიას, რომელიც მიეწოდება გამანაწილებელ ქსელს, შეისყიდის ის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს იმავე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის არეალში, სადაც მდებარეობს აღნიშნული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.
2. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებულია უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება, გამოიყენება ანგარიშსწორების შემდეგი წესი:
ა) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და გამანაწილებელ ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის მოცულობა აღემატება იმავე საანგარიშო პერიოდში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას, მიღებული სხვაობა აისახება მომდევნო თვის ქვითარში, კრედიტის სახით;
ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება სხვადასხვა ადგილზე, მომხმარებლის მოთხოვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრედიტის ქვითარში ასახვა შეიძლება განხორციელდეს იმ მისამართზე, სადაც ხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება;
გ) თუ ქვითარში კრედიტის სახით ასახული ელექტროენერგიის მოცულობა ნაკლებია იმავე საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე, სხვაობა ჩაითვლება უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად შესყიდულ ელექტროენერგიად;
დ) საანგარიშო წლის (კალენდარული წლის პირველი მაისიდან – პირველ მაისამდე პერიოდი) ბოლოს, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის მფლობელ მომხმარებელთან საბოლოო ანგარიშსწორებას. საბოლოო ანგარიშსწორებისას, საანგარიშო წლის აპრილის ქვითრით გათვალისწინებულ, კრედიტის სახით ასახულ ელექტროენერგიას შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. ამ მიზნით, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი:
დ.ა) შესაბამის თანხას ასახავს მომხმარებლის ანგარიშზე და გაითვალისწინებს შემდგომი ანგარიშსწორებისას; ან
დ.ბ) მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში შესაბამის თანხას გადარიცხავს მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე.
3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაზე და მოითხოვოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ და გამანაწილებელ ქსელში გადადინებულ ელექტროენერგიაზე უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან ანგარიშსწორება სამთვიანი, ექვსთვიანი ან წლიური პერიოდულობით.
4. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი შეისყიდის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფში კომისიის მიერ გათვალისწინებული, შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო შეწონილ ფასად. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ არ არის დადგენილი უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი, შესასყიდი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება კომისიის სამართლებრივი აქტით.
5. იმ შემთხვევაში, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს ფლობს მომხმარებელთა ჯგუფი, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ თითოეულ მომხმარებელთან ანგარიშსწორება ინდივიდუალურად, ამ მუხლით დადგენილი წესით;
ბ) თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთა ჯგუფის წევრებსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის გაფორმებულია უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულებები:
ბ.ა) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის კრედიტის სახით ასახვისას და საბოლოო ანგარიშსწორებისას იხელმძღვანელოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთა ჯგუფის წევრებს შორის არსებული შეთანხმებით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი მოცულობები თანაბრად გაანაწილოს ჯგუფის ყველა წევრზე;
ბ.ბ) ჯგუფის წევრის მიერ ელექტროენერგიის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში – ამ წესების შესაბამისად მოითხოვოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლისათვის.
6. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ პირსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის არ არის გაფორმებული უნივერსალური მიწოდების ხელშეკრულება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლით დადგენილი წესით, სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში გადადინებული ელექტროენერგია, თუ მომხმარებელი, მიმწოდებელი და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან,თავი IV. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების წესე