1. ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის (შემდგომში როგორც: დამტენი სადგური) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ამ მუხლით განსაზღვრული პირობები ვრცელდება, მხოლოდ იმ დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლის სარგებლობაც არ იზღუდება პირთა წრისთვის და არ არის განკუთვნილი მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის.
2. დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ამ მუხლის პირობების შესაბამისად, არ გულისხმობს, მისი განთავსების ადგილზე არსებული ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგებას. ამასთან, დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე არ მონაწილეობს მისი განთავსების ადგილზე ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის მისაერთებელი სიმძლავრის გამოთვლაში და დამტენი სადგურის გამოყენება (ელექტროენერგიის მოხმარება) სხვა მიზნობრიობით დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირობების შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მომუშავე დამტენი სადგური, უნდა მარაგდებოდეს დამოუკიდებელი კვების წყაროთი და უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველი.
4. დამტენი სადგურის განთავსებაზე თანხმობის, კონკრეტული ვადით გაცემის შემთხვევაში, ამ თანხმობის შეწყვეტის ან ვადის გასვლისთანავე უნდა გაუქმდეს მიერთებაც, თუ სადგურის მიზნობრიობა არ შენარჩუნდება მესაკუთრის ან ახალი მფლობელის მიერ.. აღნიშნულის შესახებ, სისტემის ოპერატორის შესაძლოდ მოკლე ვადაში ინფორმირების ვალდებულება ეკისრება, დამტენ სადგურზე რეგისტრირებულ მომხმარებელს.
5. დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
6. მიერთების მსურველმა, კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი სადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით“ უნდა მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (წერილობით).
7. მიერთების მსურველი ვალდებულია, სისტემის ოპერატორს განაცხადთან ერთად წარუდგინოს დამტენი სადგურის (მოწყობილობის) განთავსების თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთების მსურველი (განმცხადებელი) და უძრავი ქონების მესაკუთრე ერთი და იგივე პირია.
8. ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება, უნდა მოხდეს განცალკევებულად და უნდა მოეწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის სისტემა, მიუხედავად იმისა, მარაგდება თუ არა ელექტროენერგიით მიერთების ადგილი (ობიექტი ან განსაზღვრული ტერიტორია).
9. დამტენი სადგურის მიერთებისას ახალი ობიექტის მიერთების საფასურის მოქმედების მანძილი განისაზღვრება არსებული 0,4 ან 6-10 კვ სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან, მისაერთებელი დამტენი სადგურის განთავსების ადგილამდე მანძილით (რადიუსით).
10. თუ ადგილი აქვს ერთ საკადასტრო კოდზე დამტენი სადგურისა და სხვა ობიექტების მიერთებას, მისაერთებელი ობიექტის სიმძლავრე და დამტენი სადგურის მისაერთებელი სიმძლავრე მითითებული უნდა იქნეს განცალკევებულად.
11. სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღების შემთხვევაში, დამტენი მოწყობილობების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოებს (სრულ ტექნოლოგიურ ციკლს) უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი, მათ შორის გამანაწილებელი ქსელის უშუალოდ დამტენ სადგურამდე მიყვანასა და აღრიცხვის კვანძის მონტაჟს. ამასთან, თუ დამტენი სადგური განთავსებულია კონკრეტულ უძრავ ქონებაზე, ქსელის მიყვანა უნდა მოხდეს ამ უძრავი ქონების კუთვნილ ტერიტორიამდე.
12. 0.4 კვ. (380/220 ვ) და 6/10 კვ. ძაბვაზე დამტენი სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის 50%-ს, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.
13. თუ მომხმარებელი აპირებს დამტენი სადგურის მიერთების სხვა მიზნით გამოყენებას მან წინასწარ უნდა აცნობოს სისტემის ოპერატორს, ასეთ შემთხვევაში:
ა) სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურსა და დამტენი სადგურის მიერთების საფასურს შორის სხვაობა (შეთავაზებული პაკეტების გათვალისწინებით);
ბ) თუ დამტენი სადგურის განთავსების ადგილზე ხდება ობიექტის ან განსაზღვრული ტერიტორიის ელექტროენერგიით მომარაგება, უნდა მოხდეს ამ ობიექტის მომარაგების კვების წყაროს გადაკეთება ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა (სიმძლავრის გაზრდაზე წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).
14. თუ დამტენი სადგურის მიერთება არ განხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მიერთების სამუშაოების დასრულებიდან ერთი წლის ან დამტენი სადგურით სარგებლობა არ ხდება 10 წლის განმავლობაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გააუქმოს ეს მიერთება, მომხმარებლის აღნიშნულის შესახებ 3 თვით ადრე გაფრთხილების შემდეგ. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამტენი სადგურის დამოუკიდებელი კვების წყაროს გაუქმება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნა შეასრულოს შესაძლოდ მოკლე ვადაში, რაიმე დამატებითი საფასურის ან ღირებულების გადახდის გარეშ