1. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება საირიგაციო სისტემის წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად წყალმომარაგების პერიოდში მომხმარებელთა წყლით მომარაგების შეწყვეტა.

2. მიმწოდებელს უფლება აქვს, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის წყლით მომარაგება, თუ:

ა) მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მომსახურების საფასური;

ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა საირიგაციო სისტემასთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები, მათ შორის საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების პირობები;

გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს წყლით მომარაგების შეწყვეტას;

დ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება;

ე) მომხმარებელი იწვევს საირიგაციო სისტემის მუშაობის შეფერხებას (წყვეტებს) ან/და წყალმომარაგების ხარისხის გაუარესებას, რომელმაც შესაძლოა საირიგაციო სისტემაში/ სადრენაჟო სისტემაში გამოიწვიოს უარყოფითი გავლენა საირიგაციო სისტემის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე (მათ შორის წყლის დებიტის, წარმადობის ან დაწნევის გაუთვალისწინებელი ვარდნა, ავარია) ან/და ადგილი აქვს წყლის აშკარად არარაციონალურ და უმიზნოდ მოხმარებას და შესაბამისი მომხმარებელი მიმწოდებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) შეტყობინებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას. აღნიშნულ შეტყობინებაში მომარაგების შეწყვეტის აუცილებლობა უნდა იყოს დასაბუთებული;

ვ) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს მიმწოდებლის წარმომადგენელს აღრიცხვის კვანძთან ან/და მიწოდების წერტილთან, ამ წესების მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად;

ზ) შესაბამის საირიგაციო სისტემაში წყლის დეფიციტის დროს არაპროფილური მომხმარებლის მომარაგება, საფრთხეს უქმნის პროფილურ მომხმარებელს ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

თ) ამ წესების 43-ე მუხლით გათვალისწინებული წყლის დეფიციტის დროს, წყლის მიწოდების რეჟიმის შესაბამისად;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორსმაჟორულ ან უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებულ შემთხვევებში საჭიროა წყლით მომარაგების შეწყვეტა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს წყლით მომარაგება, თუ:

ა) შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგი არ ითვალისწინებს მომხმარებლის წყლით მომარაგებას;

ბ) მომხმარებელმა მოიხმარა წყლის მოხმარების განსაზღვრულ ნორმაზე მეტი;

გ) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას;

დ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების ან მიწის ირიგაციის პირობების დარღვევას, რაც იწვევს (ან გამოიწვევს) სხვა პირის ქონების დაზიანებას. ამასთან, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);

ე) ადგილი აქვს წყლის უკანონო მოხმარებას;

ვ) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას.

4. მიმწოდებელი ვალდებულია უარი განაცხადოს მომხმარებლის წყლით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მიერ მიმწოდებელთან წინასწარ შეუთანხმებლად ხდება წყლის გარემოში ჩაშვება (დაღვრა), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ მომხმარებლის მიერ საირიგაციო სისტემით სარგებლობა უარყოფითად იმოქმედებს საირიგაციო ან სადრენაჟო სისტემაზე ან/და მიმწოდებლის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

5. მიმწოდებელს უფლება აქვს წყლის უკანონოდ მოხმარების ან სადრენაჟო სისტემით უკანონოდ სარგებლობის გამო იმ მომხმარებელს, რომელსაც შეწყვეტილი აქვს მომსახურება, მომსახურების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს მომხმარებლის მიერ დაზიანებული საირიგაციო სისტემის და აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მისი ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა.

6. იმ მომხმარებელს, რომელსაც მომსახურება შეწყვეტილი აქვს (საირიგაციო სისტემიდან ჩახსნილია) უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო, მომსახურების აღდგენისთვის მიმწოდებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საირიგაციო სისტემიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის გაწეული ხარჯების გადახდა.

7. მომხმარებლის სხვა აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის გაუქმების ან მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა აბონენტის ნომერზე (მიმწოდებელს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის მფლობელობაში არსებულ საირიგაციო სისტემის სხვა აბონენტის ნომერზე ამ მომხმარებლის გადასვლის შემთხვევაში). მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან.

8. შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყალმომარაგების პერიოდში მომხმარებელს უფლება აქვს, მიმწოდებელთან წინასწარ შეთანხმების გარეშე შეწყვიტოს წყლის მიღება საირიგაციო სისტემიდან, მიწოდების წერტილის და სხვა დაცვის საშუალებების დაზიანების გარეშე, შემდეგ შემთხვევებში (აღნიშნული დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მიმწოდებელს):

ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას – ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს;

ბ) მომხმარებელმა წერილობით უარი თქვა მიმწოდებლის მომსახურებაზე, მაგრამ მიმწოდებელმა არ შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში – შეწყვეტის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიეწოდოს მიმწოდებელს.

9. მომხმარებლის მიერ შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის დარღვევა მიმწოდებელთან წინასწარ წერილობითი შეთანხმების გარეშე (ცალმხრივად) დაუშვებელია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

10. მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას მიმწოდებლის მომსახურებაზე (რაც გულისხმობს მომსახურების ხელშეკრულების ან/და მიმდინარე წლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გაუქმებას). მომხმარებელმა მომსახურების ხელშეკრულების ან/და მიმდინარე წლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გაუქმებაზე 20 კალენდარული დღით ადრე მაინც, წერილობით უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს. ამ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება, ხოლო მიმწოდებელმა უნდა შეწყვიტოს წყალმომარაგება მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში.

11. მომსახურების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მომხმარებელს მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისაგა