1. საირიგაციო სისტემიდან წყლით მომარაგებისთვის საჭიროა შესაბამის აბონენტის ნომერზე პირის რეგისტრაცია მომხმარებლად.

2. პირი, კონკრეტულ აბონენტის ნომერზე რეგისტრაციით, სამართალურთიერთობაში შედის მიმწოდებელთან და მას უფლება აქვს ისარგებლოს ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებით.

3. პირის მომხმარებლად რეგისტრაცია უნდა მოხდეს იმ აბონენტის ნომერზე, რომელი მიწოდების წერტილიდანაც შესაძლებელია ამ პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგება.

4. საირიგაციო მიზნით წყლის მოხმარებისთვის, ერთი განაცხადის საფუძველზე პირი შესაძლოა ერთდროულად დარეგისტრირდეს რამდენიმე აბონენტის ნომერზე მომხმარებლად, თუმცა მან ყველა პირობა უნდა დააკმაყოფილოს, რაც წესებით განსაზღვრულია პირის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციისთვის.

5. შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით, პირმა განაცხადით უნდა მიმართოს მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს პირი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად და განახორციელოს წყლით მომარაგებისთვის ამ წესებით მიმწოდებლის მიმართ განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება.

6. მიმწოდებელი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, მომხმარებლად რეგისტრაციის განაცხადი განიხილოს და აცნობოს განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარის შესახებ როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული, კონკრეტული ხელშემშლელი მიზეზების მითითებით).

7. პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში დასაშვებია ერთზე მეტი პირი დარეგისტრირდეს ერთ აბონენტის ნომერზე (საერთო მიწოდების წერტილზე). ასეთ შემთხვევაში, თუ ერთი ან მეტი პირი ითხოვს ერთი მიწოდების წერტილიდან ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგებას საირიგაციო მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს უძრავი ქონება მოთხოვნილ მიწოდების წერტილის შესაბამის აბონენტის ნომერზე (როგორც ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული ობიექტი), ხოლო ამ მიწოდების წერტილზე წყლით მომარაგება განახორციელოს წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების საფუძველზე (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად) ან „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეგისტრაციის შემთხვევაში. უძრავი ქონების აბონენტის ნომერზე რეგისტრაციის და წყლით მომარაგების აუცილებელი პირობები მოცემულია ამ წესების მე-19 მუხლში.

8. განმცხადებელი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს ნებას, მიიღოს და მოიხმაროს წყალი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო მეორე მხრივ, მიმწოდებელი ამ განმცხადებლის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის წყლით მომარაგებაზე, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც მიმწოდებელს, ისე განმცხადებელს (მომხმარებელს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ან ელექტრონული ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

9. განაცხადში მითითებული უნდა იქნეს:

ა) მიმწოდებლის დასახელება (რომლის აბონენტის ნომერზეც ითხოვს მომხმარებლად რეგისტრაციას);

ბ) განმცხადებლის (მომხმარებლად რეგისტრაციის მსურველის) ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება – ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი);

გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი;

დ) საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილის ნომერი, საიდანაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება, ასევე სურვილის შემთხვევაში, ამ მიწოდების წერტილის მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა ან გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) კოორდინატები;

ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია (ფიზიკური პირის შემთხვევაში – უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს), ასევე, მოკლედ აღწერილი მისამართი/ადგილმდებარეობა, სადაც უნდა მოხდეს წყლით მომარაგება;

ვ) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, რომელი ობიექტის წყლის მომარაგებისთვისაც სურს მომხმარებლად რეგისტრაცია;

ზ) წყლის მოხმარების მიზანი (პროფილური, არაპროფილური ან შერეული);

თ) საირიგაციო მიწის ფართობი, რწყვის მეთოდი და სასოფლო-სამეურნეო კულტურის სახეობა და რწყვის მეთოდი (პროფილური მომხმარებლის შემთხვევაში), ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.

10. განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს:

ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა ან ფიზიკური პირის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს. უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა;

ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი ან ელექტრონული თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.

11. ერთი მიწოდების წერტილიდან, ერთი ან მეტი პირის მიერ, ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული განაცხადი, დამატებით უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ამ ახალი ობიექტის მიმდინარე ან მომდევნო სეზონზე წყალმომარაგების სურვილის შესახებ. ამასთან, მიმდინარე სეზონზე წყალმომარაგების სურვილის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა დაერთოს: მისი და ამ აბონენტის ნომრიდან მომარაგებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა, არსებულ მომსახურების ხელშეკრულებასა და შეთანხმებულ წყალსარგებლობის განრიგზე მიერთებისა და სოლიდარული პასუხისმგებლობაზე თანხმობის შესახებ.

12. პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში (ან იჯარის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში), უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაცია, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი მომხმარებლად, თუ ამ აბონენტის ნომერზე არსებული მიწოდების წერტილიდან შესაძლებელია წყლით მომარაგდეს ამ პირის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) და დარიცხული დავალიანების სრულად დაფარვა. აღნიშნული დავალიანების სრულად გადახდა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც ერიცხება დავალიანება, ხოლო დარიცხული დავალიანების გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს უფლება აქვს, განმცხადებელს უარი განუცხადოს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციაზე.

13. თუ უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და არ გააჩნია უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, მიმწოდებელი ვალდებულია რეგისტრაციის მსურველი ფიზიკური პირი დაარეგისტრიროს შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად, თუ რეგისტრაციის მსურველი განაცხადს დაურთავს დოკუმენტს, რომელიც წარმოადგენს ამ უძრავი ქონების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

14. პირის მიერ, უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე შესაბამის აბონენტის ნომერზე რეგისტრაცია შესაძლებელია (დასახლებული პუნქტებში არსებული მომხმარებლების გარდა), თუ მიმწოდებელთან ამ უძრავი ქონების მომარაგებაზე არ არის მომხმარებელი რეგისტრირებული და რეგისტრაციის მსურველი თანახმაა, მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ აბონენტის ნომერზე მოხმარებული წყლის საფასურის წინსწრებით გადახდაზე (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად).

15. განმცხადებლის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, მომხმარებლის წყლით მომარაგების დაწყებამდე მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის უნდა გაფორმდეს მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მიწოდების წერტილი და წყალსარგებლობის განრიგი. ასევე, მიმწოდებლის მიერ წყალმომარაგების დაწყების მომენტში, მიწოდების წერტილის განთავსების ადგილზე უნდა შედგეს ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც უნდა აისახოს მიწოდების წერტილის ნომერი, მისი ტექნიკური აღწერილობა, წყალაღების ხარჯი და სხვა ტექნიკური მახასიათებლები, რაც საჭიროა მოხმარების პარამეტრების დასადგენად, ასევე, განაცხადში ასახული მონაცემები და წყლით მომარაგების დაწყების თარიღი. ამასთან, ამ მომხმარებელთან მრიცხველის არსებობის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს წყლის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.

16. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) შესაბამის აბონენტის ნომერზე, აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ „წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების ხელშეკრულების“ (დანართი №1) დამტკიცებული სტანდარტული ფორმა. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის მიერ დამტკიცებული „მომსახურების ხელშეკრულების“ სხვა სტანდარტული ფორმის ხელმოწერა. ამასთან, ერთი მიწოდების წერტილიდან, ერთი ან მეტი პირის მიერ, ერთზე მეტი უძრავი ქონების წყალმომარაგების შემთხვევაში, მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს და წყალსარგებლობის განრიგი შეიძლება შეთანხმდეს, აღნიშნული უძრავი ქონების მფლობელების მიერ წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეთანხმების შემდეგ (კომისიის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობის შესაბამისად).

17. აბონენტად რეგისტრაციის, მომსახურების ხელშეკრულების (მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში) და წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის წყლით მომარაგება (ამ მომხმარებელთან შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად). ახალი აბონენტის წყალმომარაგების დაწყების მომენტში, მიმწოდებლის მიერ უნდა შედგეს ახალ მომხმარებელთან წყალმომარაგების დაწყების აქტ