1. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სურვილის შემთხვევაში, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) მიერთების განაცხადით წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) უნდა მიმართოს მიმწოდებელს.

2. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით. ამასთან, თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვალისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების 21-ე და 22-ე მუხლების საფუძველზე.

3. მიმწოდებელი ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ხოლო ხარვეზის შემთხვევაში, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით ან ელექტრონულად (ხარვეზის დადგენის შემთხვევაში უარი უნდა იყოს დასაბუთებული). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი მიღებულად ჩაითვლება.

4. მიმწოდებელი უფლებამოსილია დაადგინოს საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად. აღნიშნულ განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ შემდეგი გარემოებები:

ა) თუ განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით);

ბ) არსებული საირიგაციო სისტემის ჰიდრავლიკური მახასიათებლები, წყლის მექანიკური აწევის გარეშე ვერ უზრუნველყოფს ახალი ობიექტის მიერთებისთვის მოთხოვნილი პარამეტრების დაკმაყოფილებას;

გ) წყლის მექანიკური აწევით მომარაგებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების მსურველმა ვერ წარმოადგინა საირიგაციო სისტემიდან მიღებული წყლის რაციონალურად მოხმარების პირობები;

დ) არაპროფილური მომხმარებლის მიერთებისა და მის მიერ წყლის მოხმარების შედეგად, აშკარად შეექმნება საფრთხე პროფილურ მომხმარებელს, ირიგაციის მიზნით წყლით მომარაგებაში;

ე) ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტის მიერთებისას ადგილი აქვს წესების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით პირდაპირ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობას;

ვ) ამ წესების 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი ობიექტის მიერთების აკრძალვის შემთხვევაში.

5. საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის სტანდარტული პირობით მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველს (განმცხადებელს) დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში (განაცხადში მითითებულ ანგარიშზე). მიერთების მსურველს (განმცხადებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) გადახდილი თანხის დაბრუნების გადავადება (შეჩერება) ახალი განაცხადის წარდგენის პირობით.

6. ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე სტანდარტული პირობით მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს მიმწოდებლის მიერ „საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის სტანდარტული პირობით მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება).

7. ახალი ობიექტის არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) საირიგაციო სისტემასთან მიერთებისთვის მისი მოწყობა ან/და არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე მიმწოდებელსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც განსაზღვრულ ვადაში (განაცხადის მიღებიდან 2 კვირის ვადაში) მიერთების პირობებზე ვერ მოხდება შეთანხმება, მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, მიმწოდებელი ვალდებულია, საირიგაციო სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთების წერტილს;

ბ) არსებული საირიგაციო სისტემის მილსადენზე/არხზე მიერთების წერტილში წყალაღების დაშვებულ მაქსიმალურ საათობრივ მოხმარებას (დაშვებულ სიმძლავრეს/დებიტს);

გ) მისაერთებელი მილის დიამეტრს ან არხის კვეთს;

დ) მიწოდების წერტილის ტექნიკურ მახასიათებლებს: წყლის სიჩქარე, მილსადენის დიამეტრი ან არხის კვეთი, მისი დახრა და სხვა მახასიათებლები;

ე) მიწოდების წერტილიდან, წყალაღების დაშვებულ მაქსიმალური საათობრივი მოხმარებას (დაშვებულ წარმადობას/დებიტს).

8. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 3 წელზე მეტი და 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

9. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს:

ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს მიმწოდებელს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე მიმწოდებლის მითითებები;

ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით მიმართოს მიმწოდებელს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, №3 დანართით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

11. ახალი ობიექტის არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) საირიგაციო სისტემასთან მიერთების, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება №3 დანართით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

12. „ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების 49-ე მუხლის შესაბამისა