1. ამ წესების შესაბამისად, საირიგაციო სისტემასთან მიერთებულ ობიექტს წარმოადგენს ის უძრავი ქონება, რომლის ტერიტორიამდე წყლის მიტანა ხდება საირიგაციო სისტემის მეშვეობით და საირიგაციო სისტემის მიწოდების წერტილით ხდება მხოლოდ ამ უძრავი ქონების წყლით მომარაგება.

2. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის (სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან/და სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება, მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის, საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული საირიგაციო სისტემასთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისთვის ამ სისტემის მეშვეობით წყლის მიწოდება უშუალოდ ამ ობიექტზე, მიწოდების წერტილის მოწყობის შემთხვევაზე (უძრავი ქონების მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში), აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა. ასევე საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მომხმარებლის უძრავი ქონების მომარაგებაზე.

3. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყლით მომარაგების აღდგენაზე (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა), რომელსაც წყალი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს საირიგაციო სისტემიდან არ მოუხმარია წყალი და არც მიუმართავს მიმწოდებლისათვის წყლით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში).

4. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს საირიგაციო სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების და მასთან დაკავშირებული საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს.

5. ახალი ობიექტის მიერთებად არ განიხილება სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული დანადგარებისა თუ ობიექტებისათვის წყლის მიწოდების ან/და ჭარბი წყლის მოცილების მიზნით საირიგაციო სისტემაზე დროებით მიერთება ან საერთო მიწოდების წერტილიდან (რომელიც განკუთვნილია განუსაზღვრელი უძრავი ქონების მომარაგებისთვის), წლით მომარაგებისთვის, შესაბამის აბონენტის ნომერზე უძრავი ქონების რეგისტრაცია.

6. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია საირიგაციო სისტემაზე მიერთების მოთხოვნით (ელექტრონული ან წერილობითი ფორმით) მიმართოს შესაბამის მიმწოდებელს.

7. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით), ისე რომ არ დაირღვეს წესებით დადგენილი მომსახურების პირობები და საფასური.

8. ახალი ობიექტის მიერთება (არასტანდარტული პირობით მიერთების გარდა) მიმწოდებლის მიერ უნდა შესრულდეს სრული ტექნოლოგიური ციკლის მომსახურებით, რომელიც მოიცავს ახალი ობიექტის მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, მშენებლობის ნებართვების მოპოვებას, საირიგაციო სისტემის მოწყობას, მათ შორის მიწოდების წერტილის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მომარაგების დაწყების ჩათვლით.

9. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, არსებულ საირიგაციო სისტემაზე მიწოდების წერტილის მოწყობაზე, არსებული საირიგაციო სისტემიდან 50 მეტრის რადიუსში – წყლის 0-150 მმ მილის დიამეტრის, ასევე ღია სისტემაზე 0-200 სმ2 კვეთის წყლის არხის მიერთებებზე; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც (ისე რომ არ დაირღვეს წესებით დადგენილი მომსახურების პირობები და საფასური).

10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება მისაერთებელი მილის დიამეტრის, წარმადობის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

11. სტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების მსურველი „ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს და წინასწარ იხდის მიმწოდებლის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებულ საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე. საირიგაციო სისტემასთან ახალი ობიექტის მიერთების სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) განაცხადი წარმოადგენს ახალი ობიექტის საირიგაციო სისტემასთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას.

12. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების მსურველი მიმწოდებელს მიმართავს ახალი ობიექტის მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება წესების 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

13. არასტანდარტული პირობით ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო სისტემის გაძლიერებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია ახალი ობიექტის მიერთების მსურველს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

14. ამ მუხლის შესაბამისად, მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური განისაზღვრება დანართი №2-ით, შეთავაზებული პაკეტის მიხედვით. მიწოდების წერტილის მოწყობის საფასური მოიცავს მიწოდების წერტილისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობას.

15. საერთო მიწოდების წერტილიდან მომარაგებული უძრავი ქონებისთვის ინდივიდუალური მიწოდების წერტილის მოწყობის შემთხვევაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაზე მიწოდების წერტილის მოწყობის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურებისთვის, ახალმა მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წესების №4 დანართით, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის საფასური, თუ:

ა) ადგილი აქვს ახალი მიწოდების წერტილის მოწყობას, არსებულ მიწოდების წერტილზე, საიდანაც მარაგდებოდა მისაერთებელი უძრავი ქონება ისე, რომ არ უარესდება არსებული მიწოდების წერტილიდან მომარაგებული ობიექტების წყალმომარაგების პირობა;

ბ) მომხმარებლის უძრავი ქონების გაყოფისას არსებობს მხარეთა შორის შეთანხმება სიმძლავრის გაყოფაზე და არსებული სიმძლავრე საკმარისია ძველი და გამოყოფილი ქონების მომარაგებისთვის.

16. მიერთების მსურველს უფლება აქვს მოითხოვოს საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთება, მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყლით მომარაგებისთვის. ასეთ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადის მოთხოვნის შესაბამისად, საირიგაციო სისტემაზე მოაწყოს წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა დანართი №2-ით განსაზღვრულ ვადაში, ამავე დანართით განსაზღვრული საფასურის 50%-ის წინასწარ გადახდის შემთხვევაში, ხოლო დარჩენილი თანხა მიერთების მსურველმა უნდა გადაიხადოს მოწყობიდან 10 დღის ვადაში. საირიგაციო სისტემიდან წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობა წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას, მიმწოდებლის მიერ უნდა აღირიცხოს მიწოდების წერტილად, რომლის მეშვეობით მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგებას, წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ამასთან, თუ საირიგაციო პერიოდში, წყალაღების ინდივიდუალური მოწყობილობით მიერთების სამუშაოების საერთო რაოდენობა აღემატება მიმწოდებლის ტექნიკურ შესაძლებლობას, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული უნდა გაცხადდეს საჯაროდ და გამოქვეყნდეს გეგმა-გრაფიკი მიმდინარე საირიგაციო პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების შესახებ, რაც აჩერებს ამ პუნქტით განსაზღვრულ საირიგაციო პერიოდში მიწოდების წერტილის განსაზღვრულ ვადაში მოწყობის ვალდებულებას და იგი უნდა მოეწყოს გამოქვეყნებული გეგმა-გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ახალი საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე.

17. მიმწოდებელი ვალდებულია ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების სათანადო განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს განაცხადის შესწავლა და მოთხოვნილი მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო მოქმედების განხორციელება.

18. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო ქსელის შეცვლის, რეკონსტრუქციის ან/და შეკეთების სამუშაოებს, ასეთი სამუშაოები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მიერ.

19. ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. ამასთან, მიერთების მსურველს (ახალ მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს (განაცხადით მოითხოვოს):

ა) საირიგაციო სისტემაზე მიერთების მისაერთებელი მილის დიამეტრი ან არხის კვეთი. ამასთან, მიერთების მსურველი უფლებამოსილია საირიგაციო სისტემაზე მისაერთებელი მილის დიამეტრები განცალკევებულად შეარჩიოს, თუ ეს განპირობებულია მისაერთებელი ობიექტის ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე;

ბ) ობიექტის წყლის საირიგაციო სისტემაზე რამდენიმე დამოუკიდებელი მილით/არხით მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში ობიექტის მომარაგების სიმძლავრე განისაზღვრება ამ მიერთებების (მილის/არხის) ჯამური წარმადობიდან.

20. სასოფლო-სამეურნეო მიწის, საცხოვრებელი სახლის, საწარმოს ან სხვა ობიექტის საირიგაციო სისტემაზე მიერთებისა და აბონენტად აყვანის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, მიერთების მსურველი დაარეგისტრიროს მომხმარებლად ამ აბონენტის ნომერზე და მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

21. საირიგაციო სისტემაზე მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა და ამ წესების მე-18 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმეორებით განხორციელება.

22. ამ წესების შესაბამისად, ახალი მომხმარებლის საირიგაციო სისტემაზე მიერთება და წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

23. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება საირიგაციო სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ მიმწოდებლის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და საირიგაციო სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან, აღრიცხვის კვანძის მოწყობა უნდა განხორციელდეს ისე, რომ აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენდეს მიმწოდებლის საკუთრება