1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმწოდებელს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთება, მისი დანადგარების საირიგაციო, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისათვის, მოძრავი ან სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის, ასევე, საერთო მიწოდების წერტილზე რეგისტრირებულ პირ(ებ)თან წყლის მიღებაზე ერთობლივი საქმიანობის შეუთანხმებლობის შემთხვევაში. დამატებით წერტილიდან დროებითი მიწოდება შესაძლოა ასევე მოთხოვნილ იქნეს არსებული მომხმარებლის მიერ, დამატებითი წერტილიდან წყლის დროებითი მიწოდების საჭიროების შემთხვევაში.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების 21-ე – 23-ე მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

3. საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული პირობით (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით).

4. მიმწოდებელი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს ღია და დახურული არხის საირიგაციო სისტემასთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება, წყლის 0-150 მმ მილის დროებით მიერთებებზე, არსებული საირიგაციო სისტემიდან 50 მეტრის რადიუსში; ამასთან, მიმწოდებელი უფლებამოსილია, ასევე განსაზღვროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ამ პუნქტისგან განსხვავებული სხვა პირობებიც.

5. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს.

6. მიმწოდებელი უფლებამოსილია სტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება დიამეტრის, წარმადობის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, მიმწოდებლის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით.

7. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს მიმწოდებელს და წინასწარ იხდის მიმწოდებლის მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებულ საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე.

8. მიმწოდებელი 2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ.

9. მიმწოდებელი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის წყლით მომარაგებაზე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს წყლით მომარაგების სისტემაზე ან/და მიმწოდებლის შესაძლებლობაზე სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს.

10. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს დროებითი მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, საირიგაციო სისტემის მოწყობის, ნებართვების მოპოვების, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მოთხოვნილ ტერიტორიამდე (ადგილამდე) წყლის მიტანის მომსახურებას და წყლით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ასევე, მიერთების ტექნიკურ მახასიათებლებს, მიერთების პერიოდსა და წყალსარგებლობის განრიგს.

11. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი მიმწოდებელს მიმართავს საირიგაციო სისტემიდან წყლის აღების ან/და დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით.

12. მიმწოდებელი 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ საირიგაციო სისტემასთან მიერთების წერტილს, წყალაღების პირობას, მიერთების პერიოდსა და წყალსარგებლობის განრიგს.

13. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი.

14. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული საირიგაციო სისტემის გაძლიერებას, მიმწოდებელი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს საირიგაციო სისტემის გაძლიერებისთვის აუცილებელი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს მიმწოდებლის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით მიმართავს მიმწოდებელს და აღრიცხვის კვანძის მიმწოდებლის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების №3 დანართით შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, მიმწოდებელი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და მომარაგებას დაიწყებს წესების №3 დანართით განსაზღვრულ ვადაში.

17. მიერთების მსურველი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ დანადგარის საირიგაციო სისტემასთან მიერთების, გამოყენებისა და დარიცხვის მეთოდზე ინდივიდუალური აღრიცხვის გარეშე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 კალენდარულ თვეს. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული წყლის სრული ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და მათ შორის შეთანხმება სხვა პირობას არ ითვალისწინებს, დარიცხვა უნდა განხორციელდეს შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის გათვალისწინებით, გამოყენებული დანადგარის ან ხელსაწყოს გამტარუნარიანობისა და მისი 8-საათიანი გამოყენების ნამრავლით, ხოლო როდესაც ცნობილია წყლით სარგებლობის ტექნოლოგიური პროცესი ან/და დღის განმავლობაში მისი გამოყენების პერიოდი, გაანგარიშება უნდა მოხდეს ამ მონაცემების საფუძველზე. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 კალენდარულ თვეს.

18. დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, მიმწოდებელი ვალდებულია შეწყვიტოს წყალმომარაგება და ჩახსნას საირიგაციო სისტემიდან დროებითი მიერთებისთვის განკუთვნილი საშუალებები. აღნიშნულის შესახებ დროებით მომხმარებელს უნდა ეცნობოს არაუმეტეს 10 და არანაკლებ 2 სამუშაო დღით ადრე მაინც.

19. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების საფასური მიმწოდებლისთვის წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასა და სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშებისა