1. პირი, რომელიც არ არის მიმწოდებელი, მაგრამ ფლობს საირიგაციო სისტემას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა წყლით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს წყალი.
2. სისტემით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. მიმწოდებელსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის წყლის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, საირიგაციო საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და საფასურის გაძვირება.
4. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მფლობელობაში არსებული საირიგაციო სისტემიდან წყლის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, მომხმარებლის კუთვნილ საირიგაციო სისტემაში მიღების და მიწოდების წერტილებში მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი. ამასთან, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს მომხმარებლის კუთვნილი საირიგაციო სისტემის ყველა წერტილში, რომელიც მონაწილეობს გატარების მომსახურების ღირებულების გაანგარიშებაში.
5. მიმწოდებელს უფლება არა აქვს სხვის მფლობელობაში არსებული ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იმავე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების საირიგაციო სისტემის მონაკვეთზე წყალმომარაგების მომსახურებისათვის.
6. მიმწოდებლის მიერ ქსელის მფლობელისთვის გადახდილი გატარების მომსახურების ღირებულება კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება ტარიფის დადგენის დროს, ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად, თუ გატარების მომსახურების ხარჯების ანაზღაურებისთვის, მიმწოდებელი კომისიას აცნობებს (კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით), გატარების ხელშეკრულების შესახებ (მათ შორის, გატარების მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯის შესახებ), ამ გატარების ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში.
7. თუ კომისია მიიჩნევს, რომ კონკრეტული გატარების მომსახურების ხარჯის ანაზღაურება არაგონივრულია (ტექნიკური და ფინანსური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე) და მიზანშეწონილია ამ ქსელის შეძენა, იჯარის ხელშეკრულების გაფორმება ან/და ახალი ალტერნატიული ხაზის მშენებლობა, ასეთ შემთხვევაში, კომისიის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, კონკრეტული ქსელის მეშვეობით გატარების მომსახურების ხარჯი არ იქნება გათვალისწინებული (არ ანაზღაურდება) მიმწოდებლისთვის, კომისიის მიერ დამტკიცებულ მომსახურების ტარიფში (შემდეგი რეგულირების პერიოდზე).
8. ეს მუხლი არ ვრცელდება მიმწოდებლებს შორის წყლის გატარების ურთიერთობებზე. ასევე, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ მის მომხმარებლისთვის წყლის მიწოდებაზე.
განვითარების პრინციპე