1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძი არასწორად აღრიცხავს წყლის მოხმარებას ან წყლის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი, მიმწოდებელი ვალდებულია ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.

3. აღრიცხვის კვანძის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან წყლის მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

4. ამ წესების მიზნებისათვის, აღრიცხვის კვანძის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

5. წყლის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;

ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს წყლის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებსაპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში).

6. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს წყლის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ წყლის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

7. მომხმარებლის წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის, წყლის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

8. წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილი წესით.

9. მიმწოდებლის მიერ წყლის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე წყლის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ ამ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. წყლის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

10. წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, წყლის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის მიმწოდებელი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).

11. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია მიმწოდებელს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-9 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

12. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და მისი წარმომადგენლის წყლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. მიმწოდებელმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

13. მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული წყლის მოცულობა განისაზღვრება ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, საირიგაციო სისტემაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან, არაპროფილურ მომხმარებელზე, ასევე შესაძლებელია მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებით დარიცხვა. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

14. თუ მომხმარებლის წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება წყლის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

15. წყლის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

16. წყლის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყლით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (ამ წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

17. ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული წყლის აღრიცხვა (აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის განსაზღვრა შეუძლებელია (აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის, საირიგაციო სისტემაში არსებული აღრიცხვის კვანძ(ებ)ისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს წყლის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება ამ მომხმარებლის მიერ წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, წყლის მიწოდების პერიოდში, სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

18. წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას), ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად.

19. აღრიცხვის კვანძის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული წყლის აღრიცხვა არ წარმოებს წყლის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება შეთანხმებული წყალსარგებლობის განრიგის შესაბამისად, ხოლო ასეთი განრიგის არ არსებობის შემთხვევაში, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.

20. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება საირიგაციო წყლის უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზ