1. მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის, წესების 24-ე მუხლის მე-17 და 29-ე მუხლების მე-3 პუნქტით და სხვა წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა), ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ელექტროდანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

2. თუ გამანაწილებელი ქსელის ერთ პუნქტში მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე 1 კვტ-ზე ნაკლებია, სისტემის ოპერატორი და მომხმარებელი უფლებამოსილი არიან, შეთანხმდნენ ელექტროენერგიის მოხმარებაზე მრიცხველის გარეშე (მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო აღნიშნული შეთანხმების ნამდვილობისთვის). ასეთ შემთხვევაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა განისაზღვრება ქსელთან მიერთებული ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრისა და მუშა საათების გათვალისწინებით.

3. საჭიროების შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველი).

4. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

5. ელექტროენერგიის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა.

6. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე სისტემის ოპერატორს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული  აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი):

ა) ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთებას;

ბ) მიკრო სიმძლავრის ელექტროსადურის მიერთების ან/და მომხმარებლის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში;

გ) ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტონომიური გადაადგილების საშუალებების დამტენი პუნქტის/სადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში;

დ) მომხმარებლის მიერ შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

7.  მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ.

8. 0,4 კვ. (380/220ვ.) ძაბვის მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით  სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

9. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ელ.გაყვანილობის დასაყენებლად და გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და ელ.გაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება.

10. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის და, მომხმარებლის  სახელი და გვარი, ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი თავისი ხარჯით;

ბ) აღრიცხვის კვანძის ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.

11. მომხმარებლისა და სისტემის ოპერატორის ქსელებს შორის ელექტროენერგიის ორმხრივი გადადინების შემთხვევაში უნდა დამონტაჟდეს ელექტროენერგიის რევერსული მრიცხველი (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ ელექტროენერგიის გადადინება აღირიცხებოდეს ორივე მიმართულებით).

12. თუ მომხმარებელს სისტემის ოპერატორისაგან ელექტროენერგია მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში არსებული  ტრანსფორმატორის საშუალებით, ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მაღალი ძაბვის მხარეს.

13. თუ მომხმარებელი, ელექტროენერგიით მარაგდება უშუალოდ ელექტროენერგიის მწარმოებლის ქსელიდან (სისტემის ოპერატორისა და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის ქსელის გაუვლელად), ელექტროენერგიის მწარმოებელი ვალდებულია, მის მიერ გამომუშავებულ და სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიასთან ერთად აღრიცხოს, ხოლო, შესაბამისი მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად წარადგინოს, მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემები.

14. თუ 0,220 კვ ძაბვის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი ფლობს 0,380 კვ ძაბვის ელექტროდანადგარს, რომელიც მიერთებული იყო გამანაწილებელ ქსელთან, ამასთან, მომხმარებლის ჯამური მისაერთებელი სიმძლავრე არ აღემატება 10 კვტ-ს, მომხმარებელი უფლებამოსილია, 0,220 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის ნაცვლად მოითხოვოს 0,380 კვ ძაბვის აღრიცხვის კვანძის მოწყობა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, წესების დანართით №3 განსაზღვრულ საფასურის გადახდის პირობით. სისტემის ოპერატორის მიერ, მოთხოვნის შესრულების ზუსტი თარიღი, მომხმარებელს უნდა ეცნობოს, ამ წესების პირობების შესაბამისად, მოთხოვნის შესრულების შესახებ შეტყობინებასთან ერთა