1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს ან/და სისტემის ოპერატორს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.

2. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას ან ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ჩაასწოროს მონაცემები და იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის მიმწოდებელს არ აქვს განხორციელებული საბითუმო ბაზრებზე სადავო პერიოდზე ანგარიშსწორება, კორექტირებული მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს არასწორად აღრიცხვით მიყენებული მოგება/ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის.

3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის მიმწოდებელს გადასცეს საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმავე წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა მომხმარებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან.

5. წესების მიზნებისათვის, ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება  აღრიცხვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო  გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.

6.  მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

7. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:

ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;

ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ელექტროენერგიის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;

ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში).

8. მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.

9. ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.

10. სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებელს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.

11. სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იმოქმედოს წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ელექტროენერგიის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.

12. ელექტროენერგიის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის სისტემის ოპერატორი.

13. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) განაცხადის საფუძველზე შეუძლია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საექსპერტო  გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს (მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე მიმწოდებელს) წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით  პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

14. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ელექტროენერგიის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. სისტემის ოპერატორმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.

15. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა გადაწყდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის საზიანოდ, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მომხმარებლის აღრიცხვის მონაცემები, ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე. ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს მომხმარებლისათვის მრიცხველის ცდომილებით მიყენებული ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის და შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნოს მიმწოდებელს შემდგომი რეაგირებისათვის.

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი ვალდებულნი არიან, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწოროს მომხმარებლის მონაცემები„ ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე. ჩასწორებული მონაცემების საფუძველზე გაიანგარიშოს სისტემის ოპერატორისათვის მრიცხველის ცდომილებით მიყენებული ზარალი და გაანგარიშების შედეგები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის. ზედმეტად მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა დაეკისრება მომხმარებელს.

16. თუ მომხმარებლის ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ელექტროენერგიის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

17. ელექტროენერგიის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.

18. ელექტროენერგიის მრიცხველის, მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების  დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ (განცხადებით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად); ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისათვის გათვალისწინებული პირობები.

19. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.

20. ელექტროენერგიის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, ან იმოქმედოს ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.

21. ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა არ წარმოებს ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო ამ პუნქტში მოცემული შეთანხმების ნამდვილობისთვის.

22. ამ მუხლით გათვალისწინებული მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის დანაკარგისა და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზ