1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს ან/და სისტემის ოპერატორს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველი არასწორად (ცდომილებით) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ჩაასწოროს მონაცემები და კორექტირებული მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხდება, სადავო პერიოდზე მის მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის მონაცემების კორექტირება (ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად).
3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის მიმწოდებელს გადასცეს საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმავე წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა მომხმარებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა.
5. წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება აღრიცხვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
6. მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით;
ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის ან/და მრიცხველში შეღწევის აშკარა კვალის არსებობის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით;
ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში).
8. მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია.
9. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით.
10. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებელს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
11. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იმოქმედოს წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
12. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის სისტემის ოპერატორი.
13. დაინტერესებულ პირს (მათ შორის, მომხმარებელს) განაცხადის საფუძველზე შეუძლია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საექსპერტო გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს (მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე მიმწოდებელს) წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
14. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. სისტემის ოპერატორმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
15. თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხდება სადავო პერიოდზე შესყიდული ბუნებრივი გაზის მონაცემების კორექტირება, მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის ან მრიცხველის არასწორად წაკითხვის შემთხვევაში დავა გადაწყდება შემდეგი წესით:
ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მომხმარებელს ის ზიანი, რომელიც მომხმარებელს მიადგა მრიცხველის გაუმართაობის ან ჩვენების არასწორად წაკითხვის გამო, შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე, ხოლო მრიცხველის შეცდომით წაკითხვის შემთხვევაში – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს მიმწოდებელს ის ზიანი, რომელიც მიადგა მას მომხმარებლისთვის ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნების შედეგად (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური).
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი ვალდებულნი არიან, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მომხმარებლის მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე, ხოლო მრიცხველის შეცდომით წაკითხვის შემთხვევაში – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი) მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად.
16. ამ მუხლის შესაბამისად, სისტემის ოპერატორს ეკისრება მიმწოდებლისთვის იმ ზარალის ანაზღაურება, რაც გამოწვეულ იქნა ბუნებრივი გაზის მრიცხველის გაუმართაობის ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვის შემთხვევაში.
17. თუ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
18. ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
19. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების უნებლიე დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ (განცხადებით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად).
20. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა (ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამასთან, თუ კორექტირებამდე:
ა) მომხმარებლის მიერ გადახდილია მეტი (დარიცხულია მეტი) – მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიმწოდებელს არასწორად დარიცხვით მიყენებული ზიანი (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური);
ბ) მომხმარებლის მიერ გადახდილია ნაკლები (დარიცხულია ნაკლები) – მომხმარებლის მონაცემები უნდა ჩასწორდეს არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი) მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად.
21. სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი შეიძლება შეთანხმდნენ, ამ მუხლით გათვალისწინებული დარიცხვის შედეგად, გამანაწილებელ ქსელში მიღებული ფაქტობრივი მოცულობების კორექტირებაზე.
22. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, ან იმოქმედოს ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად.
23. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო ამ პუნქტში მოცემული შეთანხმების ნამდვილობისთვის.
24. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზ