1. მხარეებს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს მხარეების შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, მიმწოდებლის წარმომადგენელი ვალდებულია, შეადგინოს შეთანხმების აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები.
2. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველი არასწორად აღრიცხავს წყლის მოხმარებას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული ან/და ქვითარი არასწორად იქნა გამოწერილი მიმწოდებელი ვალდებულია, ჩაასწოროს მომხმარებლის ანგარიში.
3. მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა მომხმარებლის მიმართვიდან, ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
4. ამ წესების მიზნებისათვის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება გაზომვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები.
5. მომხმარებელს არ შეიძლება დაეკისროს მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ მრიცხველის გეგმიური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია მომხმარებლის ტექნიკური წყლის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. მიმწოდებლის მიერ მრიცხველის სიზუსტის არაგეგმიური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს დანარჩენ მხარეებს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე მრიცხველის არაგეგმიურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა. მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი.
7. მრიცხველის შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით იმ შემთხვევაში, თუ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას. მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის წყალმომარაგების მიმწოდებელი (გარდა ამ წესებით განსაზღვრული ტექნიკური წყლით უკანონო მოხმარების შემთხვევებისა).
8. დაინტერესებულ პირს (მათ შორის მომხმარებელს) წერილობითი განაცხადის საფუძველზე შეუძლია, წყალმომარაგების მიმწოდებელს მოსთხოვოს საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე, ასეთ შემთხვევაში წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებიშათვის საჭიროს მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს წერილობით მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-7 პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. წყალმომარაგების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ან/და წარმომადგენლის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. წყალმომარაგების მიმწოდებელმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც.
10. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული ტექნიკური წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული ტექნიკური წყლის დარიცხური ღირებულების კორექტირება. ამასთან მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
11. თუ მომხმარებლის ტექნიკური წყლის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებისა და მოთხოვნის შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
12. მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.
13. მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ (წერილობით ან ზეპირად, მათ შორის სატელეფონო შეტყობინებით) მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღბისთანავე წერილობით დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლის განახორციელოს ამ მომხმარებლის ტექნიკური წყლით მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები.
14. ინდივიდუალური მრიცხველის მქონე მომხმარებლის შემთხვევაში, თუ მოხმარებული ტექნიკური წყლის აღრიცხვას (მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მოცემული მომხმარებლის მიერ მოხმარებული ტექნიკური წყლის განსაზღვრა შეუძლებელია მომხმარებალს ტექნიკური წყლის აღურიცხავად, მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ტექნიკური წყლის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.
15. მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველის ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას, ან იმოქმედოს ამ მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად
16. მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული წყლის აღრიცხვა არ წარმოებს მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული წყლის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით) . ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული მომხმარებლის წერილობითი თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 კალენდარულ დღის განმავლობაში.
17. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე