1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), წესებით განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ.
2. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის არსებობა ხელს არ უშლის ამ მიმწოდებელთან არსებული ხელშეკრულების შეცვლის, შეწყვეტის, ასევე სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და მის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების პირობას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, ასეთ შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს წესების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის პირობების შესაბამისად.
3. მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
4. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობისგან დამდგარ შედეგებზე. კომისიაში სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას.
5. დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მის მიერ დარიცხული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით.